ირაკლი კობახიძის და ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება

ირაკლი კობახიძის და ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერების პარალელურად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და პარლამენტებს შორის კავშირი კიდევ უფრო საქმიან და პრაქტიკულ სახეს შეიძენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ და ზიგფრიდ ბრაკემ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზიგფრიდ ბრაკეს ვიზალიბერალიზაციის მიღწევასა  და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ მინდა მადლობა გადავუხადო ბელგიას, ჩვენს ბელგიელ მეგობრებს, ბელგიის პარლამენტს, პირადად ბატონ სპიკერს მის მიერ შეტანილი წვლილისთვის ამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელგიელ მეგობრებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მხარდაჭერის საქმეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება.ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობაც.

„ჩვენ წელს აღვნიშნავთ 25-ე წლისთავს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და მოხარული ვართ, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურება არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში. ამ კონტექსტში, საქართველოსა და ბელგიის პარლამენტებში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისაუბრეს.

 „ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერების პარალელურად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და პარლამენტებს შორის კავშირი კიდევ უფრო საქმიან და პრაქტიკულ სახეს შეიძენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს და ბელგიას ერთმანეთთან საუკეთესო დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს. მისივე თქმით, საქართველო სტაბილური პარტნიორია სენსიტიურ რეგიონში.

„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით,რათა აღვნიშნოთ ძალიან კარგი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ბელგიის სამეფოს აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, საუბარი და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ღრმა ფესვები დემოკრატიულ სისტემაში, თქვენ ხართ სტაბილური ქვეყანა სენსიტიურ რეგიონში და ეს კიდევ ერთი მიზეზია თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ბელგია მხარს უჭერს თქვენს მოთხოვნებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - მოდით შევთანხმდეთ ამაზე. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გზებზე. ჩვენს ინტერესებშია, თქვენთან ერთად მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს სტაბილური პარტიორი ამ რეგიონში და რა თქმა უნდა, თუ შევძლებთ დაგეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში, ძალიან მოხარულები ვიქნებით“,- განაცხადა ზიგფრიდ ბრაკემ.

ერთობლივი განცხადების შემდეგ, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თბილისის სასახლე დაათვალიერა.