ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი პრაქტიკულად გამორიცავს საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას

ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი პრაქტიკულად გამორიცავს საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით შეთავაზებული საარჩევნო სისტემა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას პრაქტიკულად გამორიცხავს. 

როგორც კობახიძემ სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტიციის ახალი რედაქცია ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და მეორე მხრივ, ყალიბდება ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პროცესების გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. 

“საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ფუნდამენტური ცვლილება - შემოთავაზებულია დღევანდელი შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა თავისი ელემენტებით, რასაც თავისი მყარი დასაბუთება აქვს. რაც მთავარია, შემოთავაზებული ვარიანტი არის საუკეთესო ბალანსი ორ ძირითად ინტერსს შორის - ეს არის პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესი. ახალი მოდელი გამორიცხავს ძალიან მაღალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას და პრაქტიკულად გამორიცავს საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას. წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ასახულია წარმოდგენილ პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მისივე შეფასებით, “ჯეროვნად არის მოწესრიგებული ურთიერთობები პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც არსებული კონსტიტუციის სუსტი მხარეა“.

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.