ლევან იზორია - სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, უნდა იფიქროს, რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და ღირს თუ არა საერთოდ თავდასხმა

ლევან იზორია - სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, უნდა იფიქროს, რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და ღირს თუ არა საერთოდ თავდასხმა

სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და ღირს თუ არა საერთოდ თავდასხმა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მინისტრის ანგარიშს უსმენენ.

იზორიას თქმით, საფრთხეს, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით.

”თუ ქვეყანა არ იქნა დაცული, თუ მისი სუვერენიტეტი არ იქნა უზრუნველყოფილი, განვითარების შანსი არ გვაქვს. ეკონომიკურ განვითარებაზე ზედმეტია საუბარი, ამიტომ სწორედ ჩვენს მიერ დაგეგმილი ნაბიჯები უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქოლგა დაცვისა იმ საფრთხეების წინაშე, რა საფრთხეების წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო, საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და საფრთხე, რომელსაც ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით. საუკეთესო საშუალება შეკავების პოლიტიკის ფარგლებში არის სწორედ ის და სწორედ ის აკავებს აგრესორს ყველაზე მეტად, რომ ჩვენი სამხედრო მზადყოფნა იყოს ძლიერი. ეს ამცირებს სწორედ აგრესორის თავდასხმის რისკს, ამიტომ სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, მან უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და მან უნდა იფიქროს, ღირს თუ არა საერთოდ ამ შემთხვევაში თავდასხმა”, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრის თქმით, ყველა რეფორმის ყველა მიმართულება სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და იმაზე, რომ საჯარისო დანაყოფები იყოს მოქნილი, დაბალანსებული, თვითმყოფადი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეძლოს დეცენტრალიზებულად მოქმედება. 

”რუსეთთან ომმაც გვასწავლა, რომ შეიძლება დასავლეთი აღმოსავლეთს მოწყდეს, მსგავს შემთხვევებში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვრთნებით, ჩვენი მართვის სტილით ავტონომიურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღების ისეთი მექანიზმები შევქმნათ, რომ მათ შეეძლოთ იმ ცენტრალური გადაწყვეტილებების ფარგლებში დეცენტრალიზებულად ამ ამოცანების აღსრულება. ეს არის ნატო-ს სტანდარტი, ეს არის ჩვენი ახალი სტანდარტი, რომელსაც ვამკვიდრებთ”, - აღნიშნა მინისტრმა. 

ლევან იზორიამ სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაზრდით ახსნა სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი. 

”ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო, თავდაცვის ბიუჯეტში პროპორციულად არ იყო თანხები განაწილებული, თავდაცვის ბიუჯეტის 70% მიმართული იყო სახელფასო უზრუნველყოფაში და სოციალურ დახმარებებზე მიმართული, ხოლო აღჭურვილობაზე 2%. თუ ეს ნაბიჯები არ გადავდგით, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილებები, მე ვგრძნობდი ამ პასუხისმგებლობას, რომ გადაგვედგა ეს პრინციპული ნაბიჯები და აგვეხსნა მოსახლეობისთვის, რატომ არის ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა მინისტრმა.