გიორგი მარგველაშვილი - ხშირად ხდება, რომ ნატო-ს მიმართ სკეპტიციზმი გაიგივებულია პრორუსულობასთან, რაც სწორი არ არის

გიორგი მარგველაშვილი - ხშირად ხდება, რომ ნატო-ს მიმართ სკეპტიციზმი გაიგივებულია პრორუსულობასთან, რაც სწორი არ არის

ხშირად ხდება, რომ ნატო-ს მიმართ სკეპტიციზმი გაიგივებულია პრორუსულობასთან, რაც არის არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, კითხვა-პასუხის დროსას განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი ნატო-ს მიმართ. 

”სკეპტიციზმი, ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ყველა მოველოდით უფრო სწრაფ პროცესს და იყო აწეული თამასა. მეორე მხრივ, თვითონ ნატო-ს გაერთიანების და მდგრადობის ნაწილში კითხვები ისმება საერთაშორისო მედიაში, თუ რამდენად ძლიერია ალიანსი ამ ეტაპზე, იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც რუსეთისგან მოდის. მესამე არის ამაზე დაფუძნებული რუსული პროპაგანდა, რომელიც მთელ ამ სირთულეებს აზვიადებს და აქცევს სკეპტიციზმად. ეს არის ის რეალობა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია. მე ვფიქრობ, პასუხი ამ ადამიანების მიმართ მდგომარეობს შემდეგში - სხვა ქვეყნებსაც გაუვლიათ გრძელი გზა, არა მარტო საქართველოს გზა არის გრძელი და რთული. ჩვენი მეგობრები აღმოსავლეთ ევროპიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირელი მეგობრები მუდმივად გვიზიარებდნენ თავიანთ სირთულეებს, როდესაც საუბარი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმ ქვეყნებში საზოგადოება იყო გაერთიანებული და იცოდნენ, რა მიზნისთვის უნდა მიეღწიათ. პრეზიდენტის თქმით, მათ ასევე იცოდნენ, რომ რამდენი დროც არ უნდა გასულიყო, ისინი იქნებოდნენ მდგრადი თავის მიზნებისთვის. 

”ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია. თუ ეს შეძლეს ჩვენმა თანამოაზრეებმა ბალტიის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ჩვენც უნდა შევძლოთ. მათ ბევრად რთული რამ გააკეთეს, პრეცედენტი შექმნეს. ჩვენ ახლა მათ მიერ განვლილ გზაზე უნდა ვიაროთ. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები არიან პრორუსულები. სკეპტიციზმს გააჩნია თავისი ობიექტური საფუძველი, მაგრამ მიზნის მიღწევას სჭირდება მდგრადობა და ამ მდგრადობის მაგალითი უკვე არსებობს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.