ფხენიანი მკაცრად უპასუხებს პროვოკატორების ქმედებებს, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ქვეყნის ცენტალურ გაზეთებში გავრცელდა.
აღნიშნული წარმოადგენს ოფიციალური ფხენიანის პასუხს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე კორეის ნახევარკუნძულისკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფის გაგზავნის თაობაზე.
„პროვოკატორების ქმედებების საპასუხოდ ფხენიანი მძლავრი იარაღის მეშვეობით ყველაზე მტკიცე კონტრზომებს მიიღებს, რათა სახელმწიფოს დაცვა უზრუნველყოს და ჩვენ მიერ არჩეულ გზას მივყვეთ“, - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში შეჭრაზე მიმართულმა აშშ-ის უგუნურმა ქმედებებმა, სერიოზულ ფაზას მიაღწია.
„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ხომალდების განთავსებაზე გავლენას ვერ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის განვითარებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ფხენიანი ნებისმიერი ომისთვის მზად არის, ხოლო ვაშინგტონს პასუხისმგებლობა დაეკისრება აღმაშფოთებელი ქმედებების კატასტროფულ შედეგებზე“, -აღნიშნეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.