იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად მერაბ ნადარაიას და გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურები წარადგინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად მერაბ ნადარაიას და გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურები წარადგინეს

მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი და ასევე ადმინისტრაციული კომიტეტის ერთი წევრი უნდა აირჩიონ. უკვე დასახელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი. ესენი არიან: მერაბ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე. ამ წუთებში მიმდინარეობს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, რის შემდეგაც მოსამართლეები კანდიდატებისთვის ხმის მიცემას დაიწყებენ.

კონფერენციაზე მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, აღნიშნული საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ კონფერენციაზე, ვინაიდან აღნიშნულ სამოქმედო გეგმას, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპრილში დაამტკიცებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელზეც კონფერენციაზე მე ვისაუბრებ, რათა ასევე ფართო საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც საერთო სასამართლოების სისტემა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელები, დონორი ორგანიზაციები დიდი მხარდაჭერით ახორციელებენ. ეს ეხება სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების, სამართლიანი სასამართლოს, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარების საკითხს, გავაცნობ კონფერენციას მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის თითქმის დამთავრებულ ვერსიას, რომელსაც მოსამართლეებთან ერთად დღეს განვიხილავთ და რომელსაც დაახლოებით აპრილში მიიღებს და დაამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს გახდება ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა სასამართლოს სისტემისთვის. დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი 2017 და 2018 წლებში ყველა სამოქმედო მიმართულება და სტრატეგია, რაც იქნება საჭირო მართლმსაჯულების რეფორმისთვის”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.