წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსაბრძანებლად ისრაელში მომლოცველები 10 აპრილს გაემგზავრებიან

წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსაბრძანებლად ისრაელში მომლოცველები 10 აპრილს გაემგზავრებიან

წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსაბრძანებლად ისრაელში მომლოცველები ჩარტერული რეისით 10 აპრილს გაემგზავრებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პილიგრიმ ტურსის“ დამფუძნებელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, წელს მათი კომპანიის ჩარტერული რეისით 110-კაციანი ჯგუფი მიემგზავრება. მომლოცველთა შორის რამდენიმე სასულიერო პირი და მონაზონია. 
მომლოცველები წმინდა ცეცხლს 15 აპრილს გვიან საღამოთი, სავარაუდოდ, ტაძრებში აღდგომის ლიტანიობის დაწყებამდე ჩამოაბრძანებენ. 

ლაშა ჟვანია ბოლო პერიოდში საქართველოდან ისრაელში ჩასული ტურისტების და მომლოცველების მიერ საზღვრის გადალახვის პრობლემებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ მათი კომპანიის მეშვეობით გამგზავრებული მომლოცველები ისრაელის საზღვრის გადაკვეთას წელსაც პრობლემების გარეშე შეძლებენ.

„როგორც წესი, ჩვენ ტურისტულ კომპანიას ისრაელის საზღვრის გადალახვაზე პრობლემა არ შექმნია. ეს რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. შესაბამისი რეკომენდაციისა და გადამოწმების გარეშე, უცხო პირების მომლოცველ ტურში ჩასმა არ ხდება. ისრაელში ჩვენი ტურისტული კომპანიის მიერ შესული პირები ფიქსირდება, რომ ნამდვილად ტურისტები არიან და უკან დადგენილ ვადაში ბრუნდებიან“, - განაცხადა ჟვანიამ.