,,დეცენტრალიზაცია” ანუ პარლამენტის გაძევება და მოსპობა

,,დეცენტრალიზაცია” ანუ პარლამენტის გაძევება და მოსპობა

ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო შესწორება საკუთარი ადგილსამყოფელის შეცვლის შესახებ. ახალი მოწვევის პარლამენტი ქუთაისში, ახალ შენობაში შეიკრიბება, ხოლო რუსთაველის პროსპექტზე მდებარე მთავრობის სასახლე კი, როგორც ჩანს, გაიყიდება.

ამ გადაწყვეტილების საზოგადოებისათვის შეთავაზებული ერთადერთი არგუმენტი ასეთია: თურმე პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლა დეცენტრალიზაცია ყოფილა, ხოლო დეცენტრალიზაცია კი - ქუთაისის აღორძინების საწინდარი. ასეთი არგუმენტის მოყვანა საღ ჭკუაზე მყოფს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა პარლამენტს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ და საკანონმდელო ხელისუფლებად უკვე აღარ მიიჩნევს, რადგან ამ თვისობრიობის მქონე ინსტანციის დეცენტრალიზაციაზე საუბარი სრულიად უაზროა.
მართლაც: პარლამენტის საზრისი ისაა, რომ იგი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და კანონმდებელია, იგი პოლიტიკური სივრცის ცენტრი და ის ადგილია, სადაც მიისწრაფის და თავს იყრის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური იდეა, კონცეფცია, პროგრამა თუ პროექტი. პარლამენტში, და არა სხვაგან, წინასწარ განსჯიან და აკანონებენ უმთავრეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. როგორც ყველა გზა რომში მიდის და ამიტომაა იგი ცენტრი, ასევე ყველა პოლიტიკური პროცესი, ბუნებრივად, პარლამენტისაკენ მიემართება.

თუ ვინმე ცენტრის დეცენტრალიზაციას აპირებს, იგი ან შეშლილია ანდა ცენტრის და ცენტრთან ერთად მის გარშემო არსებული სივრცის მოსპობა აქვს განზრახული. პარლამენტისათვის სხვა ადგილის მიჩენა, მისი ცენტრიდან გაძევება შეუძლებელია. იგი თავად ცენტრია და სადაც იგი ფიზიკურად იქნება, სწორედ ის შენობა და, შესაბამისად, ტერიტორიული ერთეული გახდება ცენტრი. ამრიგად, ჩვეულებრივ ვითარებაში პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლა ცენტრის გადანაცვლება, ანუ ახალი დედაქალაქის გაჩენაა. მაგრამ კონსტიტუციური ცვლილება თბილისისათვის დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.
ზოგს ჰგონია, რომ საქართველოში ორი დედაქალაქი გაჩნდება, რაც, მართალია - უჩვეულოა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში გამართლებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ასეთი მოსაზრებაც უხეში შეცდომაა, რადგან თუნდაც მეორე დედაქალაქის ტვირთის ტარება მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიულ ადგილსამყოფელთნ როდია დაკავშირებული და ძირეული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ ურბანული ძვრების განხორციელებას გულისხმობს.

მართლაც, რამდენი რამ უნდა შეიცვალოს ძირფესვიანად, რომ ქუთაისის იმ უსახურ ადგილს, რომელიც პარლამენტის ახალი შენობის სადემონსტრაციო ბანერზეა გამოსახული, ისეთივე მიზიდულობის ძალა ჰქონდეს, როგორიც რუსთაველის გამზირს აქვს. ქუთაისის დედაქალაქად გადასაქცევად, გარდა პარლამენტის უცნაური შენობის აგებისა, სხვა ცვლილებები არც იგეგმება და ამ ქალაქსა თუ ქვეყანაში არსებული რესურსებით ეს წარმოუდგენელიც არის. თბილისი და რუსთაველის გამზირი მხოლოდ იმიტომ არ არის ცენტრი, რომ აქ პარლამენტის შენობა დგას. უფრო, პირიქით - პარლამენტის შენობისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი თბილისი და რუსთაველის გამზირია. ამას მთლიანობაში განაპირობებს დედაქალაქის ისტორიული ტრადიცია, სოციალურ-კულტურული გარემო და, თუ გნებავთ, ქართული იდენტობის განცდაც. ალბათ, არც ერთ რიგით ქართველს ეჭვიც არ ეპარება, რომ პარლამენტი რუსთაველიის გამზირზე „მთავრობის სასახლედ“ წოდებულ შენონაში უნდა იყოს. პარლამენტის ადგილსამყოფელის გადასინჯვა მეტად წონიანი არგუმეტების არსებობის დროსაც სათუო იქნებოდა. ძნელია დათანხმდე, თუკი ამას უკიდურესი აუცილებლობა არ გაიძულებს.
მაშ, რასთან გვაქვს საქმე? რას ნიშნავს სინამდვილეში ასეთი ,,დეცენტრალიზაცია”?

რაღაცისათვის სხვა საზრისის მქონე სახელის დარქმევა და ამით შექმნილი ვირტუალური რეალობით თამაში ხომ დღევანდელი ხელისუფლების დაუცხრომელი ჟინია. ამ ჟინის დაკმაყოფილებას სავალალო შედეგები მოაქვს – წარმოსახვითი რეალობის შესაქმნელად მიღებული რეალური გადაწყვეტილებები ხშირად იმ ნამდვილი საგნების ან პროცესების განადგურებას იწვევს, რასაც ეს გადაწყვეტილებები შეეხება.
წარმოვიდგინოთ კომპიუტერული თამაში, სადაც წარმოსახვითი სივრცე მსოფლიო მიზიდულობის ძალის არარსებობის პირობითაა კონსტრუირებული. ასეთ სივრცეში მიზიდულობის ცენტრი არა არსებობს და ამიტომ არ არსებობს არც ცნებები - ,,ზევით” და ,,ქვევით”. გადაადგილება ვერტიკალურ ორიენტირებთან არ არის დაკავშირებული.

თუ ვინმე რეალურ სივრცეში გადასაადგილებლად იგივე ნაბიჯებს გადადგამს და ვერტიკალურ ორიენტირებს გააუქმებს, აუცილებლად ცხვირს წაიმტვრევს, ხოლო თუ ვინმე პარლამენტის დეცენტრალიზაციას დააპირებს და ამას განახორციელებს კიდეც, შედეგად სხვა არაფერი მოხდება, თუ არა პოლიტიკური სივრციდან ამ ინსტიტუტის გაძევება, ანუ მისი მოსპობა. მაგრამ აქ მხოლოდ ცენტრს კი არა, არამედ მთლიანად სივრცესაც არანაკლები საფრთხე ემუქრება. სწორედ პარლამენტის და პოლიტიკური საჯარო სივრცის მოსპობის ერთ-ერთ დასკვნით აქტს წარმოადგენდა სხდომა, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას განიხილავდნენ.
ნიშანდობლივია, რომ ამ საკითხის განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა, რადგან გადაწყვეტილება მისი ინიცირებისთანავე ფაქტობრივად უკვე მიღებული იყო – არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნდა არც საკონსტიტუციო კანონის მისაღებ პროცედურებს და არც ამ გადაწყვეტილების მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. და, საერთოდ, გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელობა აღარ გააჩნდა ყოველივე იმას, რისთვისაც არსებობს პარლამენტი.

ამიტომაც მიუჩინეს მას ალაგი - პარლამენტი რუსთაველის გამზირიდან ისე გააძევეს, როგორც ომამდელი ტანკისტის კაბინეტიდან გაიტანეს გრენლანდიის უვარგისი სურათი. პარლამენტი, გრენლანდიის, სურათის მსგავსად, გახდა ისეთი საგანი, რომლის ადგილის გამონახვა შექმნილ რეალობაში შეუძლებელია. სურათის გამაგრება ვერც იქ, სადაც ეკიდა და ვერც ახალ კაბინეტში ვეღარ მოხერხდება – ერთხელაც იქნება, ჩამოვარდება და ბატონ ვასოს თავში დაეცემა. ისიც ნათელია, რომ როგორც გრენლანდიის სურათი ვერსად ჰპოვებს შესაფერის ადგილს, ასევე უადგილო და უსაზრისო იქნება 2012 წლის შემდეგ ქუთაისში ,,დეცენტრალიზებულად დისლოცირებული” პარლამენტი.
ტელევიზიებით გადაიცემოდა ფრაგმენტები, სადაც ოპოზიცია ანეკდოტების მოშველიებით სვამდა შეკითხვებს პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ და უმრავლესობისაგან კითხვის შესაფერის საღლაბუცო პასუხებსაც იღებდა.

თურმე, ის 57 მილიონი, რაც დაჯდება პარლამენტის ახალი შენობის აშენება, მთლიანად ანაზღაურდება „მთავრობის სასახლის“ გაყიდვით - ასეთია გადაწყვეტილების მიმღებ ლიკვიდატორ-გამყიდველთა ურყევი ნება. აქ ლუის კეროლის ის პერსონაჟი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ბაკენბარდებს მწვანედ იღებავს და მერე დიდ მარაოს აიფარებს, რათა საზოგადოების წინაშეEსახე დამალოს.
დებატებად წოდებული მთელი ეს უბადრუკი მასკარადი პარლამენტის მოსპობის საბედისწერო პროცესში გათამაშებული ერთ-ერთი უკანასკნელი საცირკო წარმოდგენაა. სინამდვილეში კი ჩვენს წინაშე დასმული კითხვები ალბათ უკვე ასე ჟღერს: საერთოდ, რაში გვჭირდება პარლამენტი - იმ სივრცის ცენტრი, რომელიც საბოლოოდ უნდა გაქრეს? ყველა გადაწყვეტილება უჩვენოდ უკვე მიღებულია და საერთოდ რაღა საჭიროა სივრცე საჯარო განსჯისათვის? მით უმეტეს, რაღა მნიშვნელობა აქვს ადგილს, სადაც უკვე მიღებული გადაწყვეტილება კანონად უნდა გაფორმდეს?

როცა თავად გადაწყვეტილების მიმღები ინსტანცია პარლამენტის ,,დეცენტრალიზაციის” შესახებ თავხედური არგუმენტებით საზოგადოებას აბუჩად იგდებს, ამით უთუოდ საკუთარ თავსაც არწმუნებს, რომ ღირსეული პასუხის გამცემი აღარავინაა. მართლაც: მას საფუძვლიანად მიაჩნია, რომ დიდი ხანია ქართული პოლიტიკური სივრციდან წარმომადგენლობითი ინსტიტუტები გაძევებულია და რიტორიკული შეკითხვა - ვის წარმოადგენენ დღევანდელი პარლამენტარები - იმთავითვე პასუხგაცემულია. ისინი არა ხალხს, არამედ ხალხის წინაშე გადაწყვეტილების მიმღები უზენაესი და ერთადერთ ინსტანციის წარგზავნილები არიან და იმ უზენაეს ინსტანციას წარმოადგენენ, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ეწოდება, ხოლო ხვალ - სხვა ნებისმიერი სახელი: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან უბრალოდ მიშა. 2008 წლის 20 იანვრის შემდეგ სხვა ცენტრი ამ უზენაესი ინსტანციის გარდა, აღარ არსებობს. მეტიც - მალე დღევანდელი გამრუდებული სივრცეც მოიშლება და ჰგიებს მხოლოდ იგი, ვითარცა ერთადერთი ნათელი წერტილი უკუნსა შინა. იგი ერთდროულად ინათებს და იდიდებს ყველგან: თბილისში, ქუთაისსში, ბათუმში, სიღნაღსა თუ ანაკლიაში. სწორედ ეს არის ,,დეცენტრალიზაციის” არსი – ამიერიდან დედაქალაქი ყველგანაა და ამიტომ - არსადაც აღარ არის. რაც შეეხება ე.წ. პარლამენტს, რომელმაც დათანხმდა და თავისივე გაძევებისა გადაწყვეტილება განიხილა, იგი იმთავითვე მოსპობილია.
თუ ვინმე კვლავაც იკითხავს – „გვეშველება რამე?“ - უნდა ვუპასუხოთ: თავი ვინუგეშოთ იმით, რომ ოდესმე ავირჩევთ იმას, რაც „მთავრობის სასახლეში“ ვარდებით შევარდნის შემდეგ ალბათ აღარც არსებობს და თუ ოდესმე ავირჩევთ - სივრცეც დაბრუნდება და მისი ცენტრიც.