ვუყურებ, როგორ უბრაზდებით და ეჩხუბებით საქართველოს პრეზიდენტს და ამ ვითარებაში მთავარი დაგავიწყდათ

ვუყურებ, როგორ უბრაზდებით და ეჩხუბებით საქართველოს პრეზიდენტს და ამ ვითარებაში მთავარი დაგავიწყდათ

ქაღალდზეც არ გაქვთ თქვენ წარმატება ქვეყნის განვითარების გზაზე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ უმრავლესობას.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, დღეს საზოგადოება თვალს ადევნებს იმას, თუ როგორ ეჩხუბება და უბრაზდება პრეზიდენტს საპარალემენტო უმრავლესობა.

”ვუყურებ, როგორ უბრაზდებით და ეჩხუბებით საქართველოს პრეზიდენტს. ელოდით, რომ უფრო მომზადებული იქნებოდა, ელოდით უფრო ობიექტურს და შინაარსობრივ გამოსვლას. გაუბრაზდით, როდესაც 15 წუთით დატოვა დარბაზი და ამ ვითარებაში დაგავიწყდათ მთავარი. ჩვენ არ ვესაუბრებით მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ვესაუბრებით საზოგადოებას და ვსაუბრობთ საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე. ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, რომელიც ცხოვრობს სიღარიბეში, რომელიც ცხოვრობს უმუშევრობისა და ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, რომელიც შეგახსენათ კიდეც პრეზიდენტმა და როგორ ჩანს, ეს გახდა თქვენი გულისწყრომის მიზეზი. ამ ყველაფრის ფონზე ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თქვენი რეფორმები ქაღალდზე არსებული ციფრები და წარმატებაა, თუმცა ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამაში, რადგან ქაღალდზეც არ გაქვთ თქვენ წარმატება ქვეყნის განვითარების გზაზე”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მთავარ პრობლემად ეკონომიკის ნელი ტემპით ზრდა და ამ ფონზე გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები დაასახელა. ამასთან აღნიშნა, რომ ხელისუფლება წელს საგარეო ვალის ოდენობით ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. ირაკლი აბესაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რეალურად თქვას უარი ბიუროკრატიულ ხარჯებზე და საპარლამენტო უმრავლესობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით ”ევროპული საქართველოს” მიერ შეთავაზებული კანონპროექტი გაახსენა.

”უარი თქვით ბიუროკრატიაზე და ეს ასეულობით მილიონი ლარი აბსოლუტურად საკმარისი იქნება გადასახადების შესამცირებლად, პენსიის გასაზრდელად, ადამიანების დასასაქმებლად და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის”, - აღნიშნა აბესაძემ.