წესით თქვენ უნდა იყოთ პოლიტიკური კრიზისების განმმუხტველი და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს და მას მოუწოდა, შემდეგისთვის უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებებზე.
ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ადრე უფრო განებივრებული ვიყავით პრეზიდენტის მხრიდან ემოციური, პროზაული გამოსვლებით, თუმცა სამწუხაროდ დღეს ამას მოკლებული აღმოვჩნდით“.
„დღის წესრიგი, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, გარკვეული თვალსაზრისით მაგონებდა 1990-იანი წლების დღის წესრიგს, სადაც წამყვანი დისკურსი იყო დემოკრატიზაცია. არა, მე მგონი დღესდღეობით არა დემოკრატიზაციაა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული დღის წესრიგი, არამედ განვითარება. არა ისეთი ეფემერული განვითარება, რომელსაც ადრე გვთავაზობდნენ. დღეს გვჭირდება ნამდვილი განვითარება, რადგან რაზეც პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება, კი, მართალია - დიდია სოციალური უთანასწორობა - მაგრამ განვითარების გარეშე ამის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ გვერგო ნეოლიბერალური სახელმწიფოებრივი წესრიგი, სადაც სახელმწიფოს აბსოლუტურად პასუხისმგებლობა ჰქონდა მოხსნილი როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ისე ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე. განვითარება სწორედ იმაში მდგომარეობს, რა ნაბიჯებიც ახლა იდგმება. შეიძლება, ჩანასახის მდგომარეობაში, მაგრამ ახლა ხდება სწორედ სახელმწიფოს როლის გადააზრება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ეკონომიკის წინაშე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ნახსენები იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც თითქოსდა წარმოადგენდა ერთგვარ საფრთხეს, თუმცა ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა სასარგებლოცაა.
„სწორედ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი სოციალური უფლებების გამოყოფა კონსტიტუციაში და მასზე ხაზგასმა, რაც სხვა საკონსტიტუციო უმრავლესობაში შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აბსურდული 94-ე მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან. აქედან გამომდინარე, ის საკონსტიტუციო მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, არ არის ერთ გუნდზე მორგებული საკონსტიტუციო მოდელი, ეს იქნება მუდმივა, რომელიც იქნება სასარგებლო ამ ქვეყნის მომავალი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მან ასევე მიმართა „ევროპელ დემოკრატებს“.
„ყოველთვის, როდესაც ჩვენი ოპონენტების გამოსვლას ვისმენ ხოლმე, ვაცნობიერებ ჩვენი ეპოქის მანკიერებას. ჩვენ ვცხოვრობთ პოსტმოდერნის ეპოქაში, სადაც ფაქტების გაყალბება, ფალსიფიცირება არის პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი, სადაც ხდება ფაქტების განზოგადება, ფალსიფიკაცია და პოპულიზმი; სადაც არ არსებობს მორალური იმპერატივი და გულწრფელობა. განსაკუთრებით გამაკვირვა ამ თვალსაზრისით ჩვენი „ევროპელი დემოკრატების“ ნეოლიბერალურმა პოპულიზმმა, რომ თითქოს გადასახადების გაუქმებით და დერეგულაციით მოხდებოდა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება. თქვენ ხომ „ევროპელი დემოკრატები“ ბრძანდებით, ბატონებო?! ევროპა სწორედ რეგულაციებზე დგას. სწორედ ეს რეგულაციები და ამ რეგულაციების საფუძველზე ევროპაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, მათი დაცულობა გამოარჩევს ევროპას სხვა სახელმწიფოებისგან. აქედან გამომდინარე ეს თეორიული, ეკვილიბრიუმზე დაფუძნებული მსჯელობები გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით თქვენგან განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.