რუსეთთან დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უმაღლესი საერთაშორისო პოლიტიკური დონიდან საქართველოს საკითხის მოხსნა დიალოგი არ არის, - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”დღეს ყველა, გარდა ”ქართული ოცნებისა” თანხმდება, რომ ქვეყანა არის მძიმე სიტუაციაში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლეობა ფიქრობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით. პირველად ბოლო წლების განმავლობაში, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კორუფცია და სამთავრობო კორუფცია კვლავაც იქცა მძიმე პრობლემად, რაც ხდებოდა შევარდნაძის დროს. პრეზიდენტმა თავისი გამოსვლისას ისაუბრა იმ მტრულ ნაბიჯებზე, რასაც დგამს რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ იქ ვეღარასდროს დაბრუნდნენ ჩვენი დევნილები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ გამოაძევა საკუთარი სახლებიდან 90-იან წლებში. რა თქმა უნდა, დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ არის კი?!”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს მთავრობამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უმაღლეს დონეზე, უმაღლესი საერთაშორისო პოლიტიკური დონიდან ფაქტობრივად მოხსნა.
”მე არ ვამბობ, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია გარანტიაა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება მყისიერად, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აქტუალიზაცია არის გარანტია იმისა, რომ როგორც კი მოვა ამის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენი საკითხი, დევნილთა დაბრუნების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი იქნება დასავლეთ რუსეთის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი”, - აღნიშნა დეპუტატმა.
კანდელაკმა მაგალითად გერმანიის საკითხი მოიყვანა და განაცხადა, რომ გერმანია იყო დასავლეთ საბჭოთა კავშირის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი მაშინ, როცა გაჩნდა ამის ისტორიული შესაძლებლობა.
”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ხელისუფლება უკრაინაში ვიზიტების არქონის გამოც გააკრიტიკა, თუმცა მას სხდომაზე დარბაზიდან შეახსენეს, რომ მინისტრები უკრაინაში ვიზიტებით დადიან.
”სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, თავისუფალი სამყაროს ორი ლიდერი. ორივე მათგანმა ახსენა უკრაინა, მაგრამ არ უხსენებიათ საქართველო და იცით რატომ? რადგან ამისთვის საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია. დიახ, რუსეთთან დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უმაღლესი საერთაშორისო პოლიტიკური დონიდან საქართველოს საკითხის მოხსნა არ არის დიალოგი, საქართველოს რადარებიდან გაქრობა არ არის დიალოგი. რუსეთისთვის კომფორტის შექმნა, რომ არ დადგეს მთელი სიმწვავით ჩვენი საკითხი, არ არის დიალოგი, ყველაფერი ეს კი არ გვაახლოვებს, არამედ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. თუნდაც ბოლოდროინდელი მტრული ნაბიჯების ფონზე, რამდენ მსოფლიო ლიდერს დაურეკა ფორმალურმა პრემიერ-მინისტრმა იმისთვის, რომ მოეხდინა ამ საკითხის აქტუალიზაცია? - არც ერთს. ამ საკითხის აქტუალიზაციის სწორი გზა არის ის, რომ მსოფლიო უკრაინასთან ერთად განგვიხილავდეს ერთ პაკეტში, რადგან უკრაინა დღეს არის ყველაზე მწვავე საკითხი ევროპულ უსაფრთხოებაში. სანაცვლოდ უკრაინის საკითხზე საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი. თუკი ეს ასე არ არის, მაშინ 5 წლის განმავლობაში რატომ არ ჩასულა უკრაინაში არც ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც ერთი პრემიერ-მინისტრი?”, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.