გინების სახელმწიფო დეპარტამენტი

გინების სახელმწიფო დეპარტამენტი

ასეთი სტრუქტურა ფორმალურად ალბათ არ არსებობს, თუმცა, დარწმუნებული არა ვარ.

2007 წლის ნოემბრის დღეებში, ვიღაც ტიპები რეგულარულად მირეკავდნენ მობილურზე და მაგინებდნენ. ეს დაახლოებით ხდებოდა ასე: რეკავს ტელეფონი და ტიპი გეკითხება ძალიან ფამილარულად: „დათო, რავა ხარ შეჩემა?“ „რომელი ხარ?“ „რა რომელი ვარ, შენი დედა...“ და ა. შ.. .

მე არ ვიყავი გამონაკლისი. ასე ურეკავდნენ და აგინებდნენ პრაქტიკულად ყველას, ვინც მეტ-ნაკლებად ჩანდა იმ დროს ოპოზიციაში. მობილურზე დამრეკავის ნომერი კი იწერებოდა, მაგრამ როგორც კი გადარეკავდი, მჟღერი მექანიკური ხმა ცივად გატყობინებდა, რომ „ასეთი ნომერი რეგისტრირებული არ არის“.

რამდენადაც გინების ზარები სულ სამი-ოთხი ნომრიდან მოდიოდა, გადავამოწმეთ მაგთიში და ჯეოსელში და იქ დაუფარავად გაგვიცხადეს, რომ აღნიშნული ნომრები წაიღო შსს-მ და ამ უწყებას ეკუთვნის. კაცმა რომ თქვას, არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, ეს უცნაური კამპანია ხელისუფლებიდან რომ იყო ორგანიზებული, მაგრამ ასეთი პასუხი პრაქტიკულად ოფიციალური დასტურის ტოლფასი გახლდათ. რამდენადაა ეს საქმიანობა ინსტიტუციონალიზებული, ინფორმაცია არა მაქვს. ამიტომაც ვთქვი თავში, დარწმუნებული არა ვარ მეთქი.

პირველი ეფექტით ასეთი სატელეფონო აგრესია ცოტა ნერვებს მიშლიდა, მაგრამ რამდენადაც ეს გინების ციკლი სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა - არა მარტო ნოემბერში, არამედ მთელი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც - თანდათანობით მივეჩვიეთ და ბოლოს უკვე არათუ გვაღიზიანებდა, გვარიანადაც გვართობდა.

ეტყობა მაგინებელ ოპერმუშაკებსაც მობეზრდათ წმინდა რუტინული გინება და ცდილობდნენ რაღაც შემოქმედებითი ელემენტები, ე. წ. კრეატივი შეეტანათ ამ საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულებაში.

მაგალითად ერთ-ერთმა ტიპმა დაურეკა ბეჟან გუნავას და უთხრა: მე ისა ვარ, აქამდე რომ გირეკავდი და გაგინებდი, მაგრამ გუშინ მოძღვართან ვიყავი, მოვინანიე და ბოდიშს გიხდიო. ბეჟანიც მოლბა და არა უშავს, მთავარია რომ გავუგეთ ერთმანეთსო. ჰოდა, თუ გავუგეთ და შენი დედაცო - მიახალა უცებ იმ მონანიებულმა და ჩართო გინების კორიანტელი.

ასევე ძალიან სასაცილო იყო თინა ხიდაშელის შემთხვევა. რეკავს ტიპი და ეუბნება, ირაკლი ვარ მელაშვილიო, ამ დროს ირაკლი თინას გვერდით დგას, რაც მაგინებელ-ოპერმუშაკმა აშკარად არ იცოდა. თინა არ დაიბნა და ჰოდა ირაკლი ხარ თუ ვინცა ხარ, მაშინ შენი დედაცო, მიაძახა. მაგინებელი ოპერმუშაკი გაშრა, ალალად აღმოხდა, „ვაა, აი, საღოლ შენო“ და ტელეფონი გათიშა.

თუმცა კრეატიულობის (საკმაოდ უაზრო, მაგრამ მაინც) რეკორდი აშკარად ჩემს მაგინებელ ოპერს ეკუთვნის. ერთხელ, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, გვიანობამდე შემოვრჩი კომპიუტერთან და დაახლოებით ღამის სამ საათზე რეკავს მობილური. იწერება რაღაც ძალიან გრძელი ნომერი, თავში პლუსით, აი ისეთი, საზღვარგარეთიდან რომ გირეკავენ ხოლმე. ნაღდად ეჭვიც არ ამიღია რომ გინებების დეპარტამენტიდან რეკავდნენ, ასეთი ნომრიდან მანამდე არასდროს დაურეკავთ.

მოკლედ, ავიღე მობილური და ტიპი მეუბნება ბიძინა ვარ გიორგობიანიო (სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ემიგრანტი). კი გამიკვირდა ცოტა, რადგან პირადად არ ვიცნობ ახლოს, მაგრამ თვითონვე მომიბოდიშა: ვერავისთან ვერ დავრეკე, შენი ნომერი მოვიძიე მხოლოდ და თუ ძმა ხარ მელაპარაკე, რა ხდება, რა ამბებია თქვენსკენო. არადა ხმა ჰგავს, თან ოდნავ დაგვიანებით მოდის და სრული ეფექტი იქმნება, რომ ძალიან შორიდან გირეკავენ.

მოკლედ კარგა ხანს ვისაუბრეთ, დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთი. რაც მთავარია, ძირითადად თვითონ ლაპარაკობდა და გრძელ მონოლოგებს წარმოთქვამდა, თუ როგორ ენატრება აქაურობა, როდის მოვიშორებთ ამ რეჟიმს რომ ჩამოსვლა ეღირსოს... მე მხოლოდ მოკლე და ზოგადი ფრაზებით ვიფარგლები, თანაც მეძინება და უცებ ტიპი მეუბნება: გინდა ერთი ლექსი გითხრაო. ის იყო ვიფიქრე, ხომ არ გარეკა ამ კაცმა ემიგრაციაში მეთქი (უკვე დავიჯერე, რომ მართლა ბიძინა გიორგობიანია), რომ მოაყოლა რაღაც გარითმული სტრიქონები, რომელიც მთავრდებოდა ქართული ხალხური დედის გინებით. და წავიდა ტრადიციული „შენი დედა“ და ა.შ...

აი, ჯერ ხომ გავშტერდი და მერე კი გულიანად გამეცინა. სამწუხაროდ, როგორც კი გინება დაიწყო, ტელეფონი მექანიკურად გავთიშე, თორემ ისე კი მინდოდა მეკითხა: მეტი საქმე არა გაქვს ამ შუაღამისას, ან არ გეზარება ამხელა იმიტაციის ჩალიჩი და საერთოდ რა აზრი აქვს ყველაფერ ამას?

რატომ მოვყევი ახლა ამდენი სახალისო ამბავი? იმიტომ, რომ კარგად თუ დავფიქრდებით, ეს სულაც არაა სასაცილო და სულ ტყუილად ჩავატარეთ ასე იოლად მთელმა ოპოზიციამ.

არ ვიცი, ვინ ურჩია ჩვენს შსს-ს ასეთი მაგინებელი ოპერჯგუფის შექმნა, სად ამოიკითხეს მსგავსი რამ, ან რა ეფექტს ელოდნენ ამისგან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით (ახლა არ დამიწყოთ მტკიცებულებები სად არისო და ხომ შეიძლება შსს-ს მიერ წაღებული ნომრებით მოხალისეები რეკავდნენო), ვიღაც ტიპები ოპოზიციის წარმომადგენლებს მთელი სამი-ოთხი თვის მანძილზე ურეკავდნენ და აგინებდნენ. ეჭვი მაქვს პრემიაც ექნებათ ამაში აღებული.

თავი დავანებოთ ამგვარი ღონისძიების ეფექტურობაზე (უფრო ზუსტად, არაეფექტურობაზე) ლაპარაკს, ეს ხომ ძალიან პატარა ადამიანების სტილია? უკიდურესად, მე ვიტყოდი საწყალობლად უღირსი საქციელი? რა სახელმწიფოებრიობაზე და კანონიერებაზე უნდა გველაპარაკოს ის ხალხი, ვისაც ასეთი რამ ჯერ თავში მოსდის და მერე კადრულობს კიდეც?

სხვათა შორის. 2009 წლის საკნების აქციების დროს კვლავ განახლდა სატელეფონო გინებები, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. ყოველ შემთხვევაში, სხვების არ ვიცი და ჩემთან უფრო იშვიათად რეკავდნენ. არაა გამორიცხული, რამე სერიოზული აქციები თუ დაიწყო, ისევ განაახლონ. გინებების კანტორა, როგორც ჩანს, მწყობრშია. უბრალოდ დაკონსერვებულია.

ჰოდა, რა მინდა ვთხოვო ყველა ოპოზიციონერს და არა მარტო მათ, თუკი ეკა კვესიტაძის თოქ-შოუ „აქცენტებში“ მიიწვევენ სტუმრად (მე იქ ისედაც არ მიწვევენ და ამის მერე მით უმეტეს აღარ მიმიწვევენ): ერთი სთხოვონ გადაცემის წამყვანს, რომ მან თავის მეუღლეს, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბ-ნ შოთა უტიაშვილს ჰკითხოს სახლში - ვინ არიან ეს კრეატიული მაგინებლები? რამე სპეციფიური განათლება აქვთ მიღებული, სპეციალური ტრეინინგი აქვთ გავლილი, დაქირავებული ზონდერ-ჯგუფია, საგანგებოდ შექმნილი განყოფილებაა, თუ სხვადასხვა ადგილას მომუშავე ოპერები დამატებით ითავსებენ ამ სამუშაოს და შესაბამის ბონუსებს იღებენ?

მოკლედ ჰკითხოს და თუ საჯაროდ არ იტყვის, იქნებ ჩუმად გამაგებინოს, საერთო ნაცნობების მეშვეობით, ის ჩემი ცოდვით სავსე მაინც ვინ იყო, ბიძინა გიორგობიანის სახელით ამდენი რომ მელაპარაკა.