მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას

მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, იმ ფონზე, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში, მისასალმებელია გადაწყვეტილება დებატების გამართვის თაობაზე.

“გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე?

სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად,ხოლო რეფორმების დინამიკა მაინცდამაინც არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, პრაქტიკულად, უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჩატარდეს დებატები. 

მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე - თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ. მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.