პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა მიმდინარეობს

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას 99 დეპუტატი ისმენს. 

პლენარულ სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

ეს არის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხზე ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან კანონმდებლებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. 

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. 

პარლამენტის ბიურო 3 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს (”ნაციონალური მოძრაობა” და ”საქართველოს პატრიოტები”) დაეთმობა - მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი. 

ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით. 

ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.