პატრიარქმა წირვის დროს ბავშვები დალოცა

პატრიარქმა წირვის დროს ბავშვები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონში წირვის დროს ბავშვები დალოცა. ტაძარში წირვაზე ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები შვილებთან ერთად იმყოფებიან. ბავშვებს ეროვნული სამოსი აცვიათ. პატარები უწმინდესის გარშემო რამდენიმე წუთის განმავლობაში ისხდნენ, სანამ პატრიარქი საკურთხეველში არ შებრძანდა.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. 
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".

ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.