კანონპროექტი არ არის მიმართული მწეველთა წინააღმდეგ, ეს არის კანონი, რომელიც დაიცავს არამწეველთა ინტერესებს

კანონპროექტი არ არის მიმართული მწეველთა წინააღმდეგ, ეს არის კანონი, რომელიც დაიცავს არამწეველთა ინტერესებს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი არ არის მიმართული მწეველთა წინააღმდეგ, ეს არის კანონი, რომელიც დაიცავს არამწეველთა ინტერესებს”, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. 

მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა და დაავადებულთა სტატისტიკა არასახარბიელოა. 

”ეს კანონპროექტი არ არის მიმართული მწეველთა წინააღმდეგ, ეს არის კანონი, რომელიც დაიცავს არამწეველთა ინტერესებს, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას. ეს არის იმ ადამიანთა დასაცავი კანონი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, მოიხმარონ თამბაქო, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არიან მეორადი მწეველები. ამის შედეგად დაახლოებით 2000-მდე ადამიანი იღუპება საქართველოში. 11 000-მდე ადამიანი, რომელიც თავად არის მომხმარებელი, 2 000-მდე ადამიანი, რომელიც მეორადი მწეველია, ანუ სუნთქავს სიგარეტის კვამლს, მათ შორის 300 ბავშვია”, - აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. 

ცვლილებების თანახმად, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. გამარტივდება დაჯარიმების წესი და გაიზრდება საჯარიმო სანქციები. ცვლილების თანახმად, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი. პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენაზე, კანონის მიღების შემდეგ მისი ადმინისტრირების წესი უნდა გადაწყდეს. კანონპროექტის ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძეა.