დონალდ ტრამპი სირიაში საომარი მოქმედებების შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპი სირიაში საომარი მოქმედებების შესაძლებლობას განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, საომარი მოქმედებების განხორციელებას განიხილავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, ტელეკომპანია „სი-ენ-ენმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. 

ტელეკომპანიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის რამდენიმე წევრს განუცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს განიხილავს მას შემდეგ, რაც იქ ქიმიური იარაღით შეტევა განხორციელდა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს, თუმცა, თავდაცვის მდივანთან შესაძლო მოქმედებები განიხილება.

ამ ინფორმაციას დღესვე თურქეთის ლიდერი გამოეხმაურა. ანკარა შეერთებულ შტატებს სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ტელეკომპანია „Kanal 7“-ის ეთერში განაცხადა. 

„დაე, ტრამპის სიტყვები, სირიის საკითხში ჩარევის შესახებ, მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აშშ-ის ოპერაციას, თუ საქმე აქამდე მივა“, - განაცხადა ერდოღანმა.
ბოლო მონაცემებით, სირიაში ქიმიურ შეტევას უკვე 27 ბავშვი ემსხვერპლა.