მამუკა მდინარაძე ”ნაციონალურ მოძრაობას”: ვფიქრობ, დღეს თქვენ პიარ კამპანია ჩაგივარდათ

მამუკა მდინარაძე ”ნაციონალურ მოძრაობას”: ვფიქრობ, დღეს თქვენ პიარ კამპანია ჩაგივარდათ

ვფიქრობ, დღეს თქვენ პიარ კამპანია ჩაგივარდათ, - ასე მიმართა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს, “გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების თაობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვისას.

მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მზადაა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფარგლებში განიხილოს ,,გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალები, თუმცა, ოპოზიციას ამის სურვილი არ აქვს. 

„ოპოზიციას ერთხელაც არ უხსენებია რეზოლუციის რომელიმე ნაწილი, რომელიმე პუნქტი. თქვენ აცხადებთ, რომ საკითხის განხილვისას სხდომას არ ესწრებიან უმრავლესობის წევრები. როცა ასეთ საოცარ არგუმენტს მოიყვანთ, მაშინ საინტერესოა თქვენგან რამდენი ესწრება დღეს ამ საკითხის განხილვას?! რატომ არ ესწრებით თქვენ სხდომებს, სადაც საუბარი ადამიანის უფლებებზეა. როცა ეკონომიკურ რეფორმებს ეხება მსჯელობა.

საზოგადოების წარმომადგენლებს როცა ხვდებით, ეუბნებით რომ ასეთი კარგი ხელშეკრულება გქონდათ ,,გაზპრომთან“ დადებული, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც გააგრძელეთ?! საზოგადოებას ასევე აინტერესებს, როგორ ახერხებდით ასეთი ვითომც კარგი ხელშეკრულების შენარჩუნებას?! 
საკითხავია, როდის უფრო მეტი დამოკიდებულება იყო და პოლიტიკურად რომელი ხელშეკრულება უფრო მომგებიანია?! ამაზე პასუხი არ გაქვთ! ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თქვა, რომ მოვა ნდობის ჯგუფთან და განმარტავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში დეტალებს. ამაზე საუბარი არ გინდათ. თქვენ საუბროთ რაღაცაზე, რაც პიარისთვის გინდათ გამოიყენოთ. რეალურად თქვენ საკითხი არ გაინტერესებთ. ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ სიღრმეებში შესვლას აზრი არ აქვს. ეს არის თქვენი სახე. ვფიქრობ, თქვენ დღეს პიარ კამპანია ჩაგივარდათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

პარლამენტში ,,გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს.