მოგიწოდებთ, ვაიძულოთ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი მოსახლეობას

მოგიწოდებთ, ვაიძულოთ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი მოსახლეობას

 როდესც რუსეთზე ვსაუბრობთ, უფრო მეტი ინტერესით უნდა ვცდილობდეთ სახელმწიფო ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ,,გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით არა მარტო ოპოზიცია, არამედ საპარლამენტო უმრავლესობაც უნდა ინტერესდებოდეს, რადგან საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება. 

,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან მოვისმინე, რომ მოლაპარაკებებს ჰყავს ორი მხარე. ეს მართალია, მაგრამ ორივე მხარეს თავისი ინტერესები აქვს. როდესც რუსეთზე ვსაუბრობთ, უფრო მეტი ინტერესით უნდა ვცდილობდეთ სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. თუმცა, მოლაპარაკებების მაგიდასთან მუდმივად გვავიწყდება, რომ ხელშეკრულების პირობებში, მაქსიმალურად ორმხრივად უნდა იყოს მოცემული სახელმწიფო ინტერესები და არა მხოლოდ ,,გაზპრომის“ და რუსეთის ინტერესზე უნდა ვზრუნავდეთ.

სახელმწიფო ინტერესია, საქართველოს ჰქონოდა გაზმომარაგების სტაბილური წყარო და რაც მთავარია ის ყოფილიყო შეძლებისდაგვარად იაფი, რადგან საბოლოო ჯამში ამ გაზის საფასურის გადამხდელები ჩვენი მოქალაქეები არიან. ,,გაზპრომიდან“ მიღებული გაზის მოცულობა დაახლოებით 15 პროცენტი იყო. მისი გაძვირების შემთხვევაში ის სავარაუდოდ პირდაპირ აისახება გაზის ტარიფზე. თქვენ არ გაინტერესებთ რამდენად გაზრდილი კომუნალური გადასახადის გადახდა მოუწევს მოსახლეობას. რამდენჯერ უნდა მოატყუოს ,,ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა?! 

მთავარი პრობლემა „გაზპრომთან“ მიმართებაში არის ის, რომ არ გაგიჩნდათ სურვილი გეძებნათ ბერკეტები და გზები, ერთად გვენახა „გაზპრომთან“ გაფორმებული დოკუმენტი. მოგიწოდებთ, რეალურად დაინტერესდეთ მოსახლეობის ბედით და ვაიძულოთ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

პარლამენტი “გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების თაობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე მსჯელობს.