არჩილ კაიკაციშვილი: თბილისის გენგგეგმა არ იქნება შეთანხმებული და საზოგადოებრივი მსჯელობის პროდუქტი

არჩილ კაიკაციშვილი: თბილისის გენგგეგმა არ იქნება შეთანხმებული და საზოგადოებრივი მსჯელობის პროდუქტი

დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის განხილვის პროცესით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდა. „ახალგაზრდ აადვოკატთა ასოციაცია“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მონიტორინგს და სამართლებრივ ანალიზს ანხორციელებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი მიზანია, მოსახლეობამ იცოდეს, თუ როგორ, ვის მიერ და რა ფორმით მოხდება თბილისის განვითარების გეგმის შემუშავება და რეალიზება.

მათივე თქმით, თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური ჯგუფების დისკუსიის გარეშე. შეფასების საგანს წარმოადგენს მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი დასაბუთების საკითხი. ამასთან, გამოცხადებული კონკურსის პირობები, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილება და კონკურსის ჩატარების გამჭვირვალობის შესწავლის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნა, რომ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის რედაქტირების პროცესში, წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტების სრულ სამართლებრივ შეფასებას მოახდენდნენ. ამასთან, ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის პრინციპების ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით, საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოსაკვლევად, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ინტერესის საგანს წარმოადგენს მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობები, ვადები, კონკურსში მონაწილე კომპანიების სია, კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე დაწინაურებული კომპანიების დასახელებები, გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რეკომენდაციები, მათი შესრულების ფარგლები და სხვა.

როგორც ირკვევა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2017 წლის 30 მარტის #4272/4–9 წერილის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიც კი არ მონაწილეობს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შემუშავებისა და მიღების პროცესში. კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მხოლოდ თვალყურს ადევნებს თბილისის მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას.“

არჩილ კაიკაციშვილი: „ორგანიზაციამ შეისწავლა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის იურიდიული მნიშვნელობა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიმდინარე პროცესის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და ყურადღებას დაუთმობს იმ არსებითი მნიშვნელობის საკითხების შეფასებას, რომელთა წარმოჩენაც და მათზე ფართო დისკუსია მიგვაჩნია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემდგომი სანდოობისა და ეფექტურ დოკუმენტად ქცევის აუცილებელ პირობად.“

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიმართეს სხვადასხვა საჯარო უწყებებს შესაბამისი კითხვებით, რომელთა მიერ მოწოდებული პასუხები და მათი სამართლებრივი ანალიზიც საბოლოო დასკვნაში აისახება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სექტემბერში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოების წინაშე ცნობილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული კომპანიები გახადა. პირველი ადგილი შპს „თბილისი ჯგუფის”, „სითი ინსტიტუტი საქართველოს”, „AlbertSpeer&PartnerGmbH”-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილის და მამუკა სალუქვაძის მიერ წარმოდგენილმა ერთობლივმა პროექტმა დაიკავა. მეორე ადგილი, შპს „არტსტუდიო პროექტის”, „MetrogrammaMobilityinChain”-ის, „Aecom”-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა, ხოლო მესამე ადგილზე, შპს „გეოგრაფიკის”, “KCAP”-ის, „BurohappoldEngineering”-ის, „Studio 21”-ის და გიორგი გოცირიძის ერთობლივი პროექტი გავიდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვეში, კომპანიას სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოედგინა. მიღებული ინფორმაციით, მის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში გააჩნდა მონაწილეობა მიღებული.

აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენდა 400 000 ამერიკულ დოლარს.კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის განხილვის შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინა.წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით I ადგილისათვის – 50 000 ლარს, II ადგილისათვის – 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის – 20 000 ლარს შეადგენს. როგორც თბილისის მერიაში განმარტეს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.

2016 წლის იანვარში, თბილისის გენერალური გეგმის განვითარებისთვის, ოფიციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. გენერალური გეგმის დასრულებას დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდში რეგულაციების არარსებობა კი, საზოგადოებაში შეშფოთების საგანია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი მიიჩნევდა, რომ ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ. „ეს მნიშვნელოვანია, რათა რეგულაციების არარსებობის პირობებში, არ გაიცეს ისეთი ნებართვები, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას. გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს", - განაცხდა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

2016 წლის მაისში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ იქნა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებისთვის 6 თვის მანძილზე ჩატარებული სამუშაო ანგარიში. საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მიერ დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ „საკრებულოში წარმოდგენილი შუალედური ანგარიში ქალაქში არსებულ მდგომარეობას, როგორც ეკოლოგიური კუთხით, ასევე ტრანსპორტისა და ფუნქციური ზონების მიმართულებებით ზუსტად ასახავს.