ადვოკატებმა მამა გიორგი მამალაძის ძმისთვის დაცვის მოხსნა ოფიციალურად მოითხოვეს, ოჯახის დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით კი პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავენ

ადვოკატებმა მამა გიორგი მამალაძის ძმისთვის დაცვის მოხსნა ოფიციალურად მოითხოვეს, ოჯახის დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით კი პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მამა გიორგის ძმისთვის დაცვის მოხსნა ოფიციალურად მოითხოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, ოფიციალური მოთხოვნა პროკურატურაში გუშინ გაიგზავნა.

რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებს, როგორც ადვოკატმა განმარტა, ოფიციალური განცხადება პროკურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შევა. რამიშვილის განცხადებით, ოჯახისთვის დაცვის მოხსნას სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება, ვინაიდან გარკვეული პროცედურაა გასავლელი.

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ვინაიდან დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს ღია და საჯარო, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მოითხოვს მისი ოჯახისთვის დაცვის ღონისძიების მოხსნას და შესაბამისი განცხადებით პროკურატურას დღეს მიმართავენ.