მთის მიმართულება არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გველოდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, გუშინ ჩატარდა საქართველოსთვის ისტორიული ფორუმი - საერთაშორისო ზამთრის კურორტების მსოფლიო კონგრესი. კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყნის 65% არის მთიანი ლანდშაფტი.
„მთების განვითარებას ჩვენთვის აქვს მრავალმხრივი დატვირთვა. ეს არის უპირველეს ყოვლისა სოციალური საკითხი ჩვენი მთებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი მთებში, ეკონომიკური განვითარების საკითხი და ა.შ.
ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო კონგრესის საქართველოში ჩატარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს ძალიან დიდი ინვესტიციების განხორცილეებას. ჩვენ გვაქვს უდიდესი ღირებულება მთებში აუთვისებელი და ეს კონგრესი ემსახურება იმას, რომ საქართველოს ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით გაიზარდოს.
საქართველოს ეწვია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს მეგობარი ბატონი ტალებ რიფაი, რომელიც გუშინ ღირსების ორდენით დავაჯილდოეთ. იგი ძალიან დიდი დახმარებას უწევდა გასული წლების განმავლობაში საქართველოს, მისი ცნობადობის გაზრდას. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მას დიდი მადლობა გადავუხადო იმ უდიდესი თანადგომისთვის, რომელსაც ის უწევს საქართველოს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, რომელიმე ზამთრის სახეობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი საქართველოში ჩატარდეს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა, პირველ რიგში, გახდეს საქართველოს მთების ტურისტული პოტენციალის მომხმარებელი და ასევე ყველაფერი კეთდება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტურიზმისთვის.
„ჩვენი მომავალი თაობა უნდა სარგებლობდეს იმ უდიდესი სიმდიდრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ტურიზმის. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარეობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ განვითარების დონითაც, ზუსტად იმ ნაბიჯებით, რომელსაც ვახორციელებთ, გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობის მიერ საქართველოს ტურისტული კურორტებით სარგებლობის მაჩვენებელი“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.