თუ საკონსტიტუციო სასამართლო მხარს დაუჭერს ”ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვიფიქრებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვაზე, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ”ევროპული საქართველო” უერთდება კამპანია ”ეს შენ გეხებას” ინიციატივას და ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
”ჩვენ როგორც კანონის მიღების პროცესშივე ვაცხადებდით, კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა ”ქართულმა ოცნებამ”, იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო, შესაბამისად, კონსტიტუციური პრინციპების უგულვებელყოფით ტოვებს შესაძლებლობას, რომ სუს-მა გააგრძელოს ადამიანების პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა და შემდგომ ხელისუფლებამ პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების პოლიტიკური შანტაჟი. კანონის მიღების პროცესში ჩვენ გვქონდა კონსტულტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ ძალებთან და ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ კამპანიასთან ”ეს შენ გეხება” ერთად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც ვეცდებით, რომ ”ქართული ოცნება” ვაიძულოთ გააუქმოს ეს ანტიკონსტიტუციური მოდელი და მხარი დაუჭიროს იმ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ”ევროპულმა საქართველომ” კანონის მიღების პროცესშივე წარადგინა. რაც გულისხმობს სახელმწიფო სააგენტოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესრულებას, ოღონდ იმგვარად, რომ ის იყოს სუს-ისგან რეალურად დამოუკიდებელი, პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული და მასზე ძლიერი საპარლამენტო კონტროლი არსებობდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაველოდებით მის გადაწყვეტილებას. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ”ქართული ოცნების” მხრიდან განხორციელებული ცვლილების გამო დაექვემდებარება პოლიტიკურ კონტროლს და მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რითაც მხარს დაუჭერს ”ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვაზე”, - განაცხადა აბესაძემ.
დეპუტატის თქმით, ეს არის ყველა ის სამართლებრივი გზა, რომელსაც ყველა შესაძლო პოლიტიკურ გზასთან ერთად ”ევროპული საქართველო” გამოიყენებს, რათა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული და უკანონო მოსმენები დასრულდეს.