აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს მშვიდობიან მოქალაქეებზე ქიმიურ თავდასხმაში ადანაშაულებს. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკათა. დონალდ ტრამპის თქმით, ასადის რეჟიმის ატანა აღარ შეიძლება. მისივე განცხადებით, სირიაში ბოლოს მომხდარმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთისადმი მისი დამოკიდებულება შეცვალა.
"არ შეიძლება ასადის რეჟიმის საზარელი ქმედებების ატანა. ეს იყო საშინელი ქიმიური თავდასხმა სირიაში უდანაშაულო ხალხის - ქალების, პატარა უმშვენიერესი ბავშვების წინააღმდეგ. მათი გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა", - აგანაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტერორიზმის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებენ და ცივილიზაციას დაიცავენ.
სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას, რომელსაც ბოლო მონაცემებით 75 -მდე ადამიანი ემსხვერპლა და 400-მდე ადამიანმა ტოქსიკური დაზიანება მიიღო, გაეროს უშიშროების საბჭოსა და დონორთა კონფერენციაზე განიხილავენ.