სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაში ბრალდებულთა პასუხისმგებლობის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე დადგება

სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაში ბრალდებულთა პასუხისმგებლობის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე დადგება

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი საერთაშორისო ფორუმზე განხილვის მთავარი თემაა. სირიის პროვინცია იდლიბში გუშინ განხორციელებული თავდასხმის საკითხსა და სირიის ომზე მსჯელობა დონორთა კონფერენციასა და გაეროს უშიშროების საბჭოზე მიმდინარეობს. დასავლელი პოლიტიკოსები მომხდარში სირიის ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებენ. 

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გუტიერეში სირიის არმიას სამხედრო დანაშაულის ჩადენაშიც სდებს ბრალს.

”ფაქტები ადასტურებს, რომ სირიაში სამხედრო დანაშაული ხდება. ხშირად ირღვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. გაეროს უშიშროების საბჭოზე დადგება დანაშაულის პასუხისმგებლობის საკითხი”, - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა. 

გაეროს გენერალური მდივნისგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთი პოლიტიკურ შოუს დგამს, რათა დანარჩენ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ასადის წინააღმდეგ ისინი ერთიანი არიან. ზახაროვას თქმით, რუსეთმა დასავლეთს ექსპერტების გაგზავნა არაერთხელ შესთავაზა, თუმცა მათ არავინ მოუსმინა. 

”დასავლეთის ქვეყნებს სჭირდებათ მხოლოდ პოლიტიკური შოუ, რათა მსოფლიოს აჩვენონ, რომ ასადის რეჟიმთან დაკავშირებით დასავლეთი ერთიანია. ჩვენ ექსპერტების გაგზავნაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არავინ გვისმენს. ”თეთრი ჩაფხუტების” მიერ გავრცელებული მასალების ნაწილი გაყალბებულია”, - განაცხადა მარია ზახაროვამ. 
ინტერნეტში 90-წუთიანი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შედეგია ასახული. კადრებში ჩანს ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანები. ბოლო მონაცემებით, სირიის პროვინცია იდლიბში, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა, მათ შორის 20 არასრულწლოვანია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინტოქსიკაციის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 400 აღწევს.