ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა სირიელ დევნილებს, ასევე კონფლიქტის მსხვერპლთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი ჰუმანიტარული ძალისხმევაა საჭირო, რათა ომით დაზარალებულ სირიას ტანჯვა-წამება შეუმსუბუქდეს.
აღნიშნული განცხადება ისრაელის პრეზიდენტმა გუშინ საღამოს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ასადის რეჟიმის ძალებმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური შეტევა განახორციელეს.
„ჩვენ, ჰოლოკოსტს გადარჩენილები, რომლებიც მიწიდან ავდექით და ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა გავხდით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალაშია, რათა განვაგრძოთ დახმარების გაწევა სირიის ჯოჯოხეთს გადარჩენილებისთვის. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რაოდენ სახიფათოა სიჩუმე და ვერ დავრჩებით დამუნჯებული“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა.
ბოლო მონაცემებით, ქიმიური თავდასხმის შედეგად, სირიის პროვინცია იდლიბში მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა, რომელთაგან 11 ბავშვია.
ბრიტანული მედია 400-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება, რომლებსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. სირიის უფლებადამცველი ობსერვატორიის აქტივისტების წარმომადგენლების ცნობით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება როგორც რუსულ, ასევე სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება.