მე ნამდვილად არ ვწერ პრეზიდენტის გამოსვლებს, მაგრამ თუ ხელისუფლება არ ასრულებს დაპირებებს, ჩემი და პრეზიდენტის პოზიცია ხშირად შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს

მე ნამდვილად არ ვწერ პრეზიდენტის გამოსვლებს, მაგრამ თუ ხელისუფლება არ ასრულებს დაპირებებს, ჩემი და პრეზიდენტის პოზიცია ხშირად შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს

მე ნამდვილად არ ვწერ პრეზიდენტის გამოსვლებს და ის, რომ რაღაცას შეიძლება მეც ისე ვფიქრობდე, როგორც პრეზიდენტი, ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან კობერიძის შეფასებას, რომ „გია ხუხაშვილი პირდაპირ თანამონაწილეა იმ გამოსვლის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს“.

როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, „შეთქმულებების თეორიები გადადის პარანოიაში“.

„საქმე იმაშია, რომ აქ არ არის რაიმე დამთხვევითობაზე საუბარი - არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც შეიძლება დაემთხვეს იმიტომ, რომ პრინციპები არაა განსხვავებული. ლევან კობერიძისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნების“ დაპირებების თანამონაწილე ვიყავი და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. თუ ხელისუფლება არ ასრულებს დაპირებებს, ბუნებრივია, ჩემი და პრეზიდენტის პოზიცია ხშირად შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს.

თანამონამონაწილეობაში რა იგულისხმება ვერ ვხვდები. პრეზიდენტთან მაქვს კომუნიკაცია და ჩემს აზრს ვეუბნები თუ არა? -კი ბატონო ვეუბნები. ჩვენ გვაკავშირებს ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ მე მასთან არ ვმუშაობ. პრეზიდენტის პოზიციაზე ნებისმიერი ადამიანის, საზოგადოების წევრის მოსაზრებები შესაძლოა ახდენდეს გავლენას ან პირიქით, პრეზიდენტის მოსაზრებები ახდენდეს მათ შორის ჩემზეც, რაღაც გავლენას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” დეპუტატის, ლევან კობერიძის აზრით, ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის თანამონაწილეა. ამის შესახებ კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა, აქტიური პროპაგანდა მიდის იმისა, რომ ამ დღეს პარლამენტში ტემპერატურა მაქსიმალურად იყოს აწეული.

”ცოტათი მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის პროცესის განხილვაში იმდაგვარად, რომ პირდაპირ სცენარსაც კი წინასწარმეტყველებენ, თუ რაზე გამოვა პრეზიდენტი, რაზე ილაპარაკებს, როგორი იქნება დეტალები და ასე შემდეგ. როდესაც ამ ყველაფერს უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს ადამიანი, კონკრეტულად გია ხუხაშვილი, ექსპერტი კი არ არის, პირდაპირ თანამონაწილეა იმ გამოსვლის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს. ასეთი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კითხვის ნიშნებს ბადებს. ეს არის ძალიან საინტერესო - აქტიური პროპაგანდა მიდის იმისა, რომ ამ დღეს პარლამენტში ტემპერატურა მაქსიმალურად იქნება აწეული. მინდა ყველას შევახსენო, რომ მათ შორის ასეთი სახის ექსპერტებსაც, რომელთა წინასწარმეტყველებები იშვიათად ხდება ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტის ფუნქცია არის დამბალანსებლის როლი საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში და არა ტემპერატურის აწევა და ისეთი თემების გამწვავება, რომელიც დღეს საქართველოში არ არსებობს”, - განაცხადა კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.