პროპორციული სისტემის საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან ულტიმატუმის ფორმითაა დაყენებული

პროპორციული სისტემის საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან ულტიმატუმის ფორმითაა დაყენებული

საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად ულტიმატუმის ფორმით არის დაყენებული.

ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ჯერჯერობით შეუთანხმებელია, როგორი იქნება პარლამენტის არჩევნების სისტემა და აქედან გამომდინარე პრეზიდენტის არჩევნების სისტემაც.

„საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმის თქმისთვის, რომ შეთახმება მიღწეულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება მანდატების განაწილების წესი პროპორციულ სისტემაში, რადგან თუ უსამართლო წესი იქნა შემოღებული, მაშინ პრობლემა ჩნდება პრეზიდენტის ირიბი არჩევნების შემთხვევისთვის, რადგან საარჩევნო კოლეგიაში, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩოს, ნახევარი პარლამენტის წევრები იქნებიან. თუ პარლამენტის არჩევისას უსამართლო განაწილების წესი იქნა შემოღებული, მაშინ ბუნებრივია, ამ კოლეგიაშიც რომელიღაც პარტიას ექნება ისეთი უმრავლესობა, რომელიც მას სამართლიანად არ ეკუთვნის. ეს პრობლემას შექმნის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხშიც. „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაა, რომ იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით და მანდატების განაწილებისას გამოყენებული იქნას ე.წ. კვოტის წესი, ოღონდ პარტიების კუთვნილი მანდატები გამოანგარიშებული იქნას პარტიების მიერ მიღებული ხმების პროცენტის შესაბამისად. ამ დროს გვრჩება ბევრი გაუნაწილებელი მანდატი. „ქართული ოცნების“ პროექტით ყველა გაუნაწილებელი მანდატი უნდა გადაეცეს პირველ ადგილზე გასულ პარტიას, რაც აშკარა უსამართლობაა. თუ ე.წ. დაკარგული ხმები ანუ იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ვინც ვერ გადალახა საარჩვენო ზღურბლი, იქნება მცირე, მაშინ ეს პრობლემას არ შექმნის, მაგრამ მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტი არჩვენების დროს დაკარგული ხმები თითქმის 20% იყო და გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა იქნებოდა 30, რომელსაც პირველ ადგილზე გასული ჯილდოდ მიიღებდა. ამის ალტერნატივა გახლავთ ის, რომ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვროს ან ე.წ. ეფექტური პროცენტის მიხედვით, რომ გადავიანგარიშოთ პროცენტები იმ პარტიებს შორის, ვინც ზღურბლი გადალახა ან ისეთი წესი, რომლის დროსაც საერთოდ არ ჩნდება გაუნაწილებელი მანდატი, ასეთი არის მაგალითად „დონტის წესი“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ აზრთასხვადასხვაობა რჩება მანდატების განაწილების საკითხზე, ხოლო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შეთანხმებულია.

„როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, მმართველი გუნდიდან დეპუტატებს შორის არიან ისეთები, ვინც მხარს არ უჭერენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. საკითხი ამდაგვარად იყო დასმული - ჩვენ გთავაზობთ ასეთ სისტემას და თუ დასთანხმდებით, ამ სისტემის მიღების შანსი ძალიან დიდია, მაგრამ თუ ამას არ დასთანხმდებით და სხვა რამეს მოითხოვთ, მაშინ მაჟორიტარული სისტემა, ალბათ, ვეღარ გაუქმდება და დარჩება ის, რაც გვაქვს დღეს. საკითხის ასე დასმა ფაქტობრივი ულტიმატუმია. კონტრწინადადება იყო, რომ კი ბატონო, მიიღეთ გაუნაწილებელი მანდატები ჯილდოდ, მაგრამ მაშინ დავწიოთ ბარიერი, იმიტომ რომ 5%-იანი ზღურბლის შემთხვევაში დაკარგული ხმების რაოდენობა შეიძლება იყოს 15, 20, 30 პროცენტიც და მეტი, ხოლო თუ ზღურბლი დაიწევს 3%-მდე, მაშინ ეს დაკარგული ხმების რაოდენობა სადღაც 7%-ის მიდამოებში შეიძლება იყოს და ჯანდაბას, ეს არის სადღაც 10-11 მანდატი, მაგრამ ნუ მიიღებ 30 და 40 მანდატიან ჯილდოს. როგორ დასრულდბა ეს ამბავი, ნამდვილად არ შემიძლია წინასწარმეტყველება“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.