”ნაციონალური მოძრაობა” და ”ევროპული ნაციონალური მოძრაობა” წუხს, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის

”ნაციონალური მოძრაობა” და ”ევროპული ნაციონალური მოძრაობა” წუხს, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის

”ნაციონალური მოძრაობა” და ”ევროპული ნაციონალური მოძრაობა” წუხს ქვეყნის განვითარებაზე, წუხს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანას ვავითარებთ და ჩვენ მივდივართ წინ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი ხელისუფლება დემოკრატიას აშენებს.

”მე ვრწმუნდები, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ევროპული ნაციონალური მოძრაობა” წუხს ქვეყნის განვითარებაზე, წუხს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანას ვავითარებთ და ჩვენ მივდივართ წინ. მესმის ეს თქვენი წუხილი, მაგრამ ჩვენ თქვენ წუხილს არ შევეგუებით და წინ წავალთ. ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, დემოკრატიას ვაშენებთ და არა ფასადურად ვნიღბავთ შენობებს. თქვენ ფასადურად ნიღბავდით ქვეყნის მშენებლობას. ჩვენ ვაკონტროლებთ რა გამოწვევები გვაქვს და როგორ შეიძლება განვითარდეს”, - მიმართა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოხანაშვილმა.

საგარეო ვალთან დაკავშირებით კი, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს და მის თანაგუნდელებს ვალთან დაკავშირებით საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

”რაც შეეხება საგარეო ვალს, თქვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში ხომ არ იყო გაფლანგვები, ხომ არ იყო როდესაც ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თქვენი კოლეგები? თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება გვესაუბროთ ვალებზე. ჩვენ თქვენგან განსხვავებით არ ვფლანგავთ სახელმწიფო ფულს”, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

”ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში 44%-ს შეადგენს. ჭიაბერაშვილის მტკიცებით, ეს მაჩვენებელი შევარდნაძის დროინდელ მაჩვენებელზე მაღალია.

”ხალხი ელოდება, როდის შეიძლება გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა. შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამთავრობო ვალის თვალსაზრისით, წელს გადავაჭარბეთ იმ მონაცემს, რაც შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს. 2003 წელს მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში სამთავრობო ვალი იყო 43 % და 2017 წელს ეს არის 44 % ანუ მომავალ თაობებს, მოქალაქეებს მოუწევთ იმ ფულის გადახდა, რასაც დღეს თქვენ ბიუჯეტიდან უყაირათოდ ვფლანგავთ”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.