ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საზიზღარი ქმედებები ბარაქ ობამას ადმინისტრაციის სისუსტის შედეგია

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საზიზღარი ქმედებები ბარაქ ობამას ადმინისტრაციის სისუსტის შედეგია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამა სირიის საკითხზე უმოქმედობაში დაადანაშაულა, რასაც ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება მოჰყვა, - იუწყება The Washington Post.

„სირიაში ქიმიური თავდასხმა უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ, საზარელია და არ შეიძლება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უგულებელყოფილი იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აღნიშნული ბარაქ ობამას ადმინისტრაციის სისუსტისა და გაუბედაობის შედეგია.

„ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საზიზღარი ქმედებები ბარაქ ობამას ადმინისტრაციის სისუსტისა და გაუბედაობის შედეგია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„პრეზიდენტმა ობამამ 2012 წელს განაცხადა, რომ წითელ ხაზებს გაავლებდა ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ და შემდეგ, საამისოდ არაფერი გაუკეთებია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ თავის განცხადებაში ტრამპს არ უხსენებია ირანი და რუსეთი, რომლებიც ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „რუსეთს და ირანს დიდი მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ტრაგედიაზე“.

ბოლო მონაცემებით, ქიმიური თავდასხმის შედეგად, სირიის პროვინცია იდლიბში მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა, რომელთაგან 11 ბავშვია.

ბრიტანული მედია 400-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება, რომლებსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. სირიის უფლებადამცველი ობსერვატორიის აქტივისტების წარმომადგენლების ცნობით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება როგორც რუსულ, ასევე სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება.