სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება

სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში ქიმიური თავდასხმის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც ათობით ადამიანი დაიღუპა, 5 აპრილს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. „მომხდარით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამიტომ 5 აპრილს დილით საგანგებო სხდომას გავმართავთ“, - განაცხადა გაეროში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ. 

ბოლო მონაცემებით, ქიმიური თავდასხმის შედეგად, სირიის პროვინცია იდლიბში მსხვერპლის რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. ადამიანები ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად გაიგუდნენ და მოიწამლნენ, რომელთაგან 11 ბავშვია.

ბრიტანული მედია 400-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება, რომლებსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. სირიის უფლებადამცველი ობსერვატორიის აქტივისტების წარმომადგენლების ცნობით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება როგორც რუსულ, ასევე სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება.