ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ადვოკატებს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ჩაბარდა. ადვოკატები ამ დრომდე ეცნობიან იმ დასაბუთებებსა და არგუმენტებს, რის საფუძველზეც დიდმა პალატამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
”რუსთავი 2”-ის ადვოკატების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არც ერთ მტკიცებულებას არ ემყარება და ის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები დაეყრდნენ, უმნიშვნელოდ მიიჩნია.
”დიდი პალატა დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ თურმე ქიბარ ხალვაშზე განხორციელებული ზეწოლა, რომელიც არაფრით არ მტკიცდება, ყოფილა საჯაროდ ცნობილი ფაქტი და ამ გარემოების საფუძველზე ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა იძულებას. გამაოგნებელი იყო ამგვარი ჩანაწერის წაკითხვა დიდი პალატის გადაწყვეტილებაში, ვინაიდან ვთვლით, რომ უზენაესი სასამართლო ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოა, თუმცა გამოდის, რომ ამ პროცესებში ყველაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ურთმელიძეს გაუკეთებია და არა დიდ პალატას”, - განაცხადა ”რუსთავი 2”-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ადვოკატებს საკმარისი საფუძველი აქვთ იმისა, რომ წარმატებით განახორციელონ არხის ამჟამინდელი მფლობელების უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში. ადვოკატის თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილება აუცილებლად გადაეგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.