გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში ნატოს ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება ურყევი ტრადიციაა ერის და პოლიტიკური ხელმძღვანელობებისთვის

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში ნატოს ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება ურყევი ტრადიციაა ერის და პოლიტიკური ხელმძღვანელობებისთვის

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ნატოს მხარდაჭერის და ნატოს ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება უკვე ურყევი ტრადიციაა ჩვენი ერის და პოლიტიკური ხელმძღვანელობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკრებულოში ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება გამომდინარე იმ ერთიანი მხარდაჭერიდან, რომელიც ნატოს ღირებულებებს გააჩნია საქართველოში. 

”ნატო ეს არის ქვეყნების გაერთიანება, რომელთაც გააჩნიათ ერთნაირი ხედვა ადამიანის უფლებების, თავისუფლებების მიმართ, თავისუფალი საზოგადოების მიმართ და აგრეთვე იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც ამ ღირებულებების დაცვას ეხება. სწორედ ამ ღირებულებითი ერთიანობიდან გამომდინარე ჩვენი ჯარისკაცები ტრადიციულად იცავენ სტაბილურობას და სიმშვიდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე მინდა მათ მადლობა ვუთხრა სამსახურისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ ოჯახებს, ვინც თავისი შვილები გააგზავნეს ამ ბრძოლაში. ამ ღირებულებებით ერთიანობაში გვაქვს სერიოზული დღის წესრიგი. საქართველო-ნატოს პარტნიორობა ემყარება იმ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის. ასევე ეს არის პოლიტიკური პარტნიორობა, რომელიც უკავშირდება ერთიან ღირებულებებს, ერთიან მისწრაფებებს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ფორმატს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო საქართველო-ნატოს შორის. ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობა. ”ქვეყნის უსაფრთხოება და დაცულობა ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად ჩვენ ამ თვალსაზრისით ვაღრმავებთ პარტნიორობას და ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურად და მაღლა სწევენ საქართველოს შესახებ დისკუსიას”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.