თამარ ხულორდავამ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა

თამარ ხულორდავამ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა

28 მარტს, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ ძალაში შედის.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2 თებერვალს მიიღო. 28 მარტი ისტორიული დღეა თანამედროვე საქართველოსთვის, რადგან ეს შესაძლებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის რეალური ხდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ ჩვენს მოქალაქეებს ამ ძალიან მნიშვნელოვან წინსვლას და ვუსურვებ წარმატებას     საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნული განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან კონკრეტული შედეგია იმ რეფორმებისა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური ჩართულობით ხორციელდებოდა. „ეს არის დაფასება იმ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმებისა, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან აქტიურად ხორციელდება. მას შემდეგ რაც საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოეცა. ეს პროცესი ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მიმდინარეობდა. ჩვენ ველოდით დღეს როცა შევძლებდით  გვეთქვა, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ევროკავშირის სივრცეში მოგზაურობა შეუძლია“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, ეს დღე და გადაწყვეტილება ისტორიულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნიკურად მარტივდება ევროპაში მოგზაურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის არამედ, ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს მის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში.   იმ ქვეყნების წრეში რომელსაც საქართველო თავისი ღირებულებითი სისტემით, თავისი ხედვით და ამბიციით ყოველთვის ეკუთვნოდა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  ხელისუფლების მიერ, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიზის ლიბერალიზაციით მიღებულ უფლებებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით წარმოებულ აქტიურ კამპანიაზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უფლების გამოყენებას, მისით სარგებლობას უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. მიხარია, რომ ვხედავ ძალიან აქტიურ კამპანიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, იმისთვის ახორციელებს, რომ ყველა მოქალაქისთვის ზედმიწევნით კარგად იყოს ცნობილი თუ რას გულისხმობს უვიზო მომისვლის შესაძლებლობა ევროპაში, შენგენის ზონაში. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება, რადგან ყველამ ვნახეთ რა დიდი დრო დასჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა უკვე რეალობაა და თუ როგორ ვისარგებლებთ ამით უკვე ჩვენი ღირსების საკითხია“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა  ჩვენს თანამოქალაქეებს რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით საკითის მიმართ  და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც ევროკავშირი აწესებს.

„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ წინსვლას და ვისურვებ, რომ ამ ევროპულ ოჯახში ეს იყოს არა ერთი და არა ბოლო წინსვლა ჩვენი უფრო მჭიდრო ინტეგრაციის. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ამბიცია, გეგმები და ძალიან მიზანდასახულად მივდივართ წინ ჩვენი ევროპული სურვილების ასრულებისკენ. ევროპა რომ ჩვენი საერთო მომავალია. ერთად ვიაროთ ამ გზაზე“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.