აშშ-მა რუსეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული საპროტესტო აქციის შედეგად ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დაკავების გამო, აღშფოთება გამოთქვა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.
„აშშ გმობს ასობით უდანაშაულო დემონსტრანტის დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავება არ შეესაბამება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს“, - განაცხადა მარკ ტონერმა.
„ჩვენ აღშფოთებული ვართ იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დემონსტრაციაზე მისვლისთანავე დააკავეს, ასევე ის, რომ ორგანიზაციებში, რომლებიც კორუფციას ებრძვიან, პოლიციური რეიდები ჩატარდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„აშშ განაგრძობს სიტუაციაზე დაკვირვებას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“, - დასძინა მან.
გუშინ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არასანქცირებულ დემონსტრაციაზე რუსული ოპოზიციის ლიდერი და აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.