ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანების მშობლებს არცერთი ოფიციალური სტრუქტურისა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. პროტესტთან დაკავშირებით განცხადება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია. ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებით დაინტერესდა, „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაიაა, რომელმაც ქეთი გადელიასა და გელა არღვლიანს თანადგომა გამოუცხადა.
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის სამტრედიის მონაკვეთზე შეხვედრისას კახა მიქაიამ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში საპროტესტო მსვლელობას უპრეცენდენტო უწოდა.
„თუ ვერ დავეხმარებით, ვანუგეშოთ მაინც ეს ადამიანები და ერთხელ მაინც გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათ, რომლებიც წარმოადგენენ ახალაიებისა და სააკაშვილის მიერ დახვრეტილი და შეურაცხყოფილი სამეგრელოს სიმბოლოს“, - განაცხადა მიქაიამ.
ქეთი გადელია და გელა არღვლიანი შვილების მკვლელობაში პოლიციას ადანაშულებენ და საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. საპროტესტო მსვლელობის დასრულების შემდეგ კი ისინი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი მათ უარით გაისტუმრებს, შვილმოკლული მშობლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობის აქციის გამართვას არ გამორიცხავენ.
ბადრი ტაბიძე ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, 29 მარტს გარდაიცვალა. 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში ქალა-ტვინის უმძიმესი ტრავმების შედეგად 1 იანვარს მოხვდა. 20 დღის განმავლობაში იგი სუნთქვის ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი ბადრი ტაბიძე პალატაში მოათავსეს. ქეთი გადელია შვილის გარდაცვალების ფაქტსაც საეჭვოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ იგი, როგორც არასასურველი მოწმე და დაზარალებული, სამედიცინო დაწესებულებაში გაგუდეს.
რევაზ არღვლიანი კი მეგობარმა ქალმა ზუგდიდის მახლობლად, ონარიის დასახლებაში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 11 თებერვალს იპოვა. სამართალდამცავების ინფორმაციით, არღვლიანმა თავი ე.წ. კაპრონის ბაწრით ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის ვერსია დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც, თუმცა გარდაცვლილის მამა დასკვნის შედეგებს არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ მკვლელობა პოლიციელებმა განახორციელეს, ხოლო თვითმკვლელობის იმიტაცია თავადვე შექმნეს.