კომიტეტის თავმჯდომარე

კომიტეტის თავმჯდომარე "ნაციონალების" განცხადებას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოს უწოდებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას სახელმწოფოს საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პოლიტიკური ძალების განცხადებები სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

"ეს თემა არის ძალიან მგრძნობიარე და მისი მსმენელი არის არა მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩვენი მეზობლებიც, რომლებთანაც გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. თქვენ იცით, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მე მინდა ყველა იმ ადამიანმა, ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ კარგად დაიმახსოვროს, რომ მეორედ თავი შეიკავონ ასეთი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებისგან, რომ რამდენიმე წელია, წლებია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით და ამიტომ, მე მათ ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პირველ რიგში ამ ინფორმაციას გადაამოწმებდა. თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება რთული არ არის. მეც რომ დამკავშირებოდნენ, რა თქმა უნდა, უმარტივესად სამ წუთში გავცემდი ინფორმაციას, რომ ეს იყო სამოქალაქო ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სამსახურისთვის, ეს არის "გაზ 34 039" ტიპის სამაშველო ტექნიკური საშუალება და არანაირად არ წარმოადგენს სამხედრო დანიშნულებას. შესაბამისად, აღარ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს ნებართვას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვწუხვარ რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ტყუილების პოლიტიკას, რითაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მოსახლეობა, რითაც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქმნის აბსოლუტურად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არის მიმართული მთლიანად",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. პარტიის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკას შორის არის ე.წ. ბუკის დანადგარი.