სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობის საფუძველი იყო ირაკლი მამალაძის ჩვენებები, რომლებშიც მრავლად არიან მოხსენიებული წმინდა სინოდის წევრები.

„შუამდგომლობის საფუძველი იყო შემდგომი გარემოება, რომ საქმეში მოწმეების, ამ შემთხვევაში ირაკლი მამალაძის ჩვენებაში მრავლად არიან მოხსენებული წმინდა სინოდის წევრები გარკვეულ დაპირისპირებულ ჯგუფებად. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა რამდენად შეეფერება რეალობას ირაკლი მამალაძის ჩვენება და მოვითხოვეთ წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვა. ეს მოგეხსენებათ არ არის რიგითი საქმე, ეს საქმე ეხება საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა შუამდგომლობაზე უარი დაუსაბუთებლად თქვა.

„მოსამართლეს გამოყენებული აქვთ საერთაშორისო კონვენციის მუხლები, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებიც ჩვენც გვქონდა გამოყენებული და ამით ვადასტურებდით, რატომ იყო სავალდებულო გამოკითხვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს არის შერჩევითი სამართალი. პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.

რამიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 24 საათში უნდა გაასაჩივრონ. როგორც რამიშვილმა განაცხადა, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება 12:00 საათზე იყო მიღებული, ხოლო მას ორი საათის დაგვიანებით გადაეცა.