საკონსტიტუციო კომისია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მთავრობის მიერ პარლამენტის ნდობის საკითხის დასმის პროცედურებზე შეთანხმდა

საკონსტიტუციო კომისია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მთავრობის მიერ პარლამენტის ნდობის საკითხის დასმის პროცედურებზე შეთანხმდა

საკონსტიტუციო კომისია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მთავრობის მიერ პარლამენტის ნდობის საკითხის დასმის პროცედურებზე შეთანხმდა, - ამის შესახებ კომისიის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგოგრც მან აღნიშნა, ცვლილების მიღების შემთხვევაში, კონსტიტუციაში ჩაიწერება ტერმინი, უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი, რაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გულისხმობს.

ვახტანგ ხმალაძემ ასევე ის პროცედურებიც განმარტა, თუ როგორ მოხდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

”თუ პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით განსაზღვრული რაოდენობა, მიიჩნევს, რომ მთავრობას უნდობლობა უნდა გამოეცხადოს, ის სვამს საკითხს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე და იმავდროულად ასახელებს ახალი პრემეირ-მინისტრის კანდიდატურას. პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა, გარკვეულ ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. თუ ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა, მაშინ ძველი მთავრობა გადამდგარად ითვლება და ახალი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. იმ შემთხვევაში კი, თუ ნდობა არ გამოუცხადა საკანონმდებლო ორგანომ ახალ მთავრობას, რჩება ძველი მთავრობა და ის ვინც მოითხოვა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, 6 თვის განმავლობაში ვეღარ დასვამს ამავე საკითხს”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საკონსტიტუციო კომისიის წევრის ინფორმაციით, ყველა ამ პროცედურის ვადა თავიდან ბოლომდე 3 კვირას არ აღემატება.

”ანუ პოლიტიკური კრიზისის პერიოდი ხანმოკლეა. რა ვადაც დავასახელე, ეს არის მაქსიმუმი და შეიძლება ყველაფერი უფრო ადრეც დამთავრდეს. დღეს მთავრობისთვის უნდობლობის საკითხი კონსტიტუციაში ისეა გაწერილი, რომ პარლამენტს შეუძლია მთავრობის შანტაჟი და ეს გასწორდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მთავრობის მიერ პარლამენტის ნდობის დასმის საკითხის დარეგულირებით. მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიანი და ოპტიმალური იქნება, თუ პარლამენტის არჩევის წესი ისეთია, რომ უზრუნველყოფილი იქნება პროპორციული წარმომადგენლობა”, - განაცხადა ხმალაძემ.