შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნაში - როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს. საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება. ამავდროულად, შინაპატიმრობის მოწყობილობა არის ძვირი და ბუნებრივია, დასჭირდება დეპოზიტის თანხები, რაც დარეგულირდება ნორმატიული აქტით”, - განაცხადა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტებს იხილავს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ითვალისწინებს დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლას. პროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით.