პრეზიდენტმა არ უნდა დანიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება

პრეზიდენტმა არ უნდა დანიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება

პარლამენტის ყოფილი წევრის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, პრეზიდენტმა არ უნდა დანიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება. ამის შესახებ ხმალაძემ დღეს გასამართ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის დაუსწრებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, ყველა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის პრეზიდენტმა იცის, როდის ტარდება პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პლენარული სხდომები.

”ვინც უშიშროების საბჭოს წევრია, ბუნებრივია, ის აუცილებლად უნდა დაესწროს სხდომას, როდესაც ის დანიშნულია. ერთია - უნდა დაესწროს, მაგრამ მეორეა - შეუძლია თუ არა. მიმდინარეობს პარლამენტის სხდომა, რომელიც არის მორიგი, წინასწარ განსაზღვრული. ყველამ, მათ შორის პრეზიდენტმაც იცის, თუ როდის იმართება სხდომები რეგლამენტის თანახმად. პრეზიდენტმა არ უნდა დანიშნოს საბჭოს სხდომა, თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ არის, იმ დროს როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება. კონსტიტუციაში წერია, რომ უშიშროების საბჭო იქმნება, ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზებისთვის. ამით უნდა იფარგლებოდეს უშიშროების საბჭოს მუშაობა, თუმცა ვიცით, რომ საბჭოს არაერთხელ პრეზიდენტის წინადადებით სხვა საკითხებიც განუხილავს. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს წევრს, როცა გიწვევენ სხდომაზე ისეთი საკითხის განსახილველად, რომელიც არ შედის მის კონსტიტუციურ ფუნქციაში, მას აქვს მორალური უფლება, ასეთი საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღოს. მაგრამ თუ ეს ეხება თავდაცვის და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს, მე ვფიქრობ, რომ საბჭოს წევრმა ამ საკითხების განხილვაში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ როცა პრეზიდენტი ამ სხდომას იწვევს, მან უნდა გაითვალისწინოს ის რეჟიმი, რომელიც სხვა კონსტიტუციური ორგანოების მუშაობაშია”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.