თამარ ჩუგოშვილმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს უმასპინძლა

თამარ ჩუგოშვილმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს უმასპინძლა

თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს „ვინოტელში" სამუშაო სადილზე უმასპინძლა. 

სტუმრები ქართული ღვინის კულტურას და საქართველოში მეღვინეობის განვითარების ისტორიას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა, ისტორიული თაღოვანი აგურის ღვინის მარანში, საუკეთესო ქართული ღვინოების ექსკლუზიურ არჩევანი დაათვალიერეს და ქართული ღვინოები დააგემოვნეს.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები საქართველოს 20 მარტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართეს. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან და დეპუტატებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს და გორში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფისში შეხვედრა გამართეს.

დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, ფინეთის, ისლანდიისა და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.