თუ უმრავლესობის დეპუტატების განცხადებების უკან არსებობს მტკიცებულებები, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ

თუ უმრავლესობის დეპუტატების განცხადებების უკან არსებობს მტკიცებულებები, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ

სამწუხაროა, რომ მოხდა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაძლევა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო პირდაპირ პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ითქვა, რომ პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ ამ სამსახურის ყოფნა თურმე რისკს შეუქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას, ”რაც სრულიად გასაკვირია”.

”ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ამ სამსახურს ექნებოდა დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი და რატომ ქმნის პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ ამ სამსახურის ყოფნა რისკს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ამავდროულად, უმრავლესობის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად დაადანაშაულეს ქვეყნის ღალატში, იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები თურმე საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოქალაქეთა დაცულობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ამ განცხადებების უკან არსებობს რეალური მტკიცებულებები და ეს განცხადებები არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები, მაშინ დეპუტატებმა უნდა მიმართონ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ”, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.