დეპუტატის თქმით, ბოლნისში ბელარუსის მოქალაქეებს სამხედრო-სამაშველო ტექნიკა გადააქვთ

დეპუტატის თქმით, ბოლნისში ბელარუსის მოქალაქეებს სამხედრო-სამაშველო ტექნიკა გადააქვთ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბელორუსის მოქალაქეებს ბოლნისის რაიონში სამხედრო-სამაშველო ტექნიკა გადააქვთ, რომელიც სამაშველო საქმიანობისთვის გამოიყენება.

დეპუტატის თქმით, ტექნიკის ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

"ბელორუსის მოქალაქეებს მართლაც გადაჰყავთ სამხედრო ტექნიკა, თუმცა ეს არ არის სამხედრო-საბრძოლო ტექნიკა. ეს არის "გაზ-34" ტიპის სამხედრო-სამაშველო საშუალება, ავტომობილები, რომლებიც არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის. ეს განკუთვნილია სამაშველო საქმიანობისთვის. მასზე არ არის განთავსებული რამე იარაღი. შესაბამისად, ჩვენივე კანონმდებლობით ის არ შედის სამხედრო დანიშნულების პროდუქციაში. ჩვეულებრივად, სტანდარტულად, როგორც საბაჟო სისტემა ითხოვს, ექვემდებარება საბაჟო სისტემას, არა განსაკუთრებული სამხედრო დანიშნულების მიხედვით. შესაბამისად, ამ ტექნიკის ტრანზიტი ხორციელდება კანონის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.