პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საჯარო  სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მაღალი კლასების  მოსწავლეებთან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია  თემებზე: რა არის ნარკოტიკი; ნარკოტიკული საშუალების სახეები; რა შედეგი მოსდევს ნარკოტიკის მოხმარებას; ნარკოტიკული დანაშაული; სასჯელები, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკულ დანაშაულზე. განხილულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა, რა დროსაც პროკურორებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.  

სხვადასხვა რეგიონში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების 24 პრეზენტაცია ჩატარდა, რომელშიც 1200-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 20 მარტიდან ანტინარკოტიკული კამპანიის  კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები  ყველა რეგიონის  სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდება.