ვინმე აბაშიშვილის გადასაწყვეტი არაა, რომელ კანონს, როგორ მივუდგებით - ვთხოვ პრეზიდენტს, საკუთარ ადმინისტრაციას ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს

ვინმე აბაშიშვილის გადასაწყვეტი არაა, რომელ კანონს, როგორ მივუდგებით - ვთხოვ პრეზიდენტს, საკუთარ ადმინისტრაციას ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს

ვთხოვ პრეზიდენტს, რომ საკუთარ ადმინისტრაციას ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს, - განცხადება ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სესიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი რიგითი საჯარო მოხელეა და თუკი პრეზიდენტს რომელიმე საკითზე კრიტიკული განცხადების გაკეთება სურს, უკეთესი იქნება თვითონ გააკეთოს.

„ვთხოვ პრეზიდენტს, რომ საკუთარ ადმინისტრაციას ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს. საჯარო მოხელეები ასე არაეთიკურად არ უნდა იქცეოდნენ. ცოტა რიდი უნდა ჰქონდეთ, როცა საუბრობენ დეპუტატების პასუხისმგებლობაზე. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში ვმუშაობთ იმისთვის, რომ კანონები მივიღოთ, შევცვალოთ და რეფორმა განვახორციელოთ. ვინმე აბაშიშვილის გადასაწყვეტი არაა, რომელ კანონს, საჭიროების შესაბამისად როგორ მივუდგებით. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ცვლილებები კანონში ემსახურება და გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომელიც ქვეყნის წინაშე იმ მომენტში დგას. გიორგი აბაშიშვილის, რიგითი საჯარო მოხელის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ ავყვებით. პრეზიდენტს მოვუწოდებ, თუკი მას კრიტიკული განცხადების გაკეთება უნდა, თვითონ გააკეთოს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის გასაგები იქნება და არა მისი რიგითი თანამშრომლის,“ -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პრეზიდენტი ხელს მოაწერს ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს, თუმცა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა პარლამენტმა მიიღო ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზიანი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი აბსოლუტურად იდენტურია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა. გიორგი აბაშიშვილი ითხოვს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში.