ძალიან გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ ელაპარაკებით პარლამენტს

ძალიან გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ ელაპარაკებით პარლამენტს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები როდესაც ხშირად მიუთითებენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ, მე ძალიან გთხოვთ, თქვენ თვითონ დაფიქრდეთ, როგორ ელაპარაკებით პარლამენტს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ანა დოლიძის ტონი სიტყვით გამოსვლისას იყო უპატივცემულო დამოკიდებულება პარლამენტის მხრიდან.

”ქალბატონო ანა, არც მეტი არც ნაკლები, უნდა დავიწყო თქვენთვის კონსტიტუციის 48-ე მუხლის შეხსენება და ამას ვაკეთებ სრულიად გააზრებულად სწორედ იმ პათოსის, სრულიად შეუსაბამო ტონის და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო, რაც გამოსვლის ქვეტექსტებშიც და ტონშიც იგრძნობოდა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტციის 48-ე მუხლით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. დიახ, ეს არის პარლამენტი თავისი მრვალფეროვანი თუ ჭრელი შემადგენლობით, მაგრამ ეს არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მას სჭირდება სათანადო პატივისცემა და ისეთი ფორმით და შინაარსით საუბარი, რომელიც თავად პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლის მხრიდან არ დაარღვევს კონსტიტიციურ ბალანსს. თქვენ ამ ბალანსს არღვევთ და ამას აკეთებთ ძალიან ცუდი ტონით”, -განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ძალიან სახიფათოდ ეჩვენება ის ჩანაწერები, რომელიც პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით შენიშვნების სახით პარლამენტს გადაუგზავნა.

”პირველ რიგში დააკვირდით თქვენს შენიშვნებში რა წერია. არ ვიცი ვინ დაწერა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მისი დამწერი, ხელმომწერია საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ უებნებით საქართველოს პარლამენტს, რომ არ ენდობით მას. ეს არის პირდაპირ ჩაწერილი თქვენი შენიშვნების მე-17 გვერდზე, სადაც ამბობთ, რომ იმ კომისიას, რომელმაც უნდა აირჩიოს ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი, მას არ მიიჩნევს სათანადოდ პრეზიდენტი იმიტომ, რომ კომისია საპარლამენტო უმრავლესობის ნების გარეშე ვერ მიიღებს თურმე გადაწყვეტილებას. ეს რას ნიშნავს? გაყევით ამ ლოგიკას. თუ თქვენ სხვა სიტყვები ვერ იპოვეთ კომისიის ლეგიტიმურობის ან მეტი დემოკრატიულობის ან სხვა რომელიმე პრინციპის მოსაშველიებლად, ეს სხვა პრობლემაა. მაგრამ, თქვენ ამით ამბობთ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინ აირჩია მოსახლეობამ, თქვენ ეუბნებით მას, რომ არ ენდობით.

როდესაც თქვენი წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ, მე ძალიან გთხოვთ თქვენ თვითონ დაფიქრდეთ, როგორ ელაპარაკებით პარლამენტს”, - მიმართა ეკა ბესელიამ ანა დოლიძეს.