პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უფრო მეტად უპრინციპობა დავინახე

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უფრო მეტად უპრინციპობა დავინახე

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უფრო მეტად უპრინციპობა დავინახე, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თამჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

სესიაშვილის თქმით, შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა აზრს მოკლებულია, ვინაიდან თემა არის პოლიტიზებული ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის.

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრეების კრიტიკა, რამდენადაც მათ სურთ საზოგადოებაში შექმნან ილუზია, რომ ისინი უსმენდნენ წლების განმავლობაში და „ქართული ოცნება“ იგივეს აკეთებს. სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილი ერთგვარ მოდას არის აყოლილი და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახდენს იმის ტირაჟირებას, რომ ქვეყანაში ვიღაცას უსმენენ. მაშინ, როცა წინა ხელისუფლება ტექნიკური საშუალებების სისტემის 10%-ს იყენებდა, ჩვენ მხოლოდ ათეული პროცენტის ფარგლებში ვიყენებთ ამ საშუალებას. ყველაზე მეტად მე მაოცებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რადგან ვსაუბრობთ მოტივაციაზე, თუმცა, სამწუხაროდ ამ მოტივირებულ შენიშვნებში უფრო მეტად უპრინციპობა დავინახე. მე შევახსენებ ბატონ პრეზიდენტს, რომ როდესაც ჩვენ ეს კანონი პირველად მივიღეთ, მან ასევე წარმოადგინა მოტივირებული შენიშვნები და გვთავაზობდა, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად, გასაღები ჰქონოდა მოსამართლეს. დღეს თუ ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტი არის პრინციპული საკითხთან მიმართებაში, მოსამართლეს საერთოდ არ ახსენებს და მისთვის მისაღებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ზედამხედველობა. ე.ი. ჩვენ მართლები ვიყავით მაშინ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატი ასევე შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამ კონტექსტში პოლიტიკურ ინტერესებზე ისაუბრა. „მე მაოცებს ხოლმე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კრებით ფორმაში ხდება ხოლმე ჩვენთვის მომართვა - ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენ შევაფასეთ... მე მეგონა საქართველოს პრეზიდენტი ავირჩიეთ და არა თქვენ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მიუდექით პროფესიონალურად საკითხს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.