მათ, ვინც მიუთითებთ, რომ პრეზიდენტი ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებს, მოგიწოდებთ, შეიატანეთ განცხადება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე - შპიონაჟზე

მათ, ვინც მიუთითებთ, რომ პრეზიდენტი ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებს, მოგიწოდებთ, შეიატანეთ განცხადება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე - შპიონაჟზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის წევრებს მიმართა, ვისაც ჰგონია, რომ პრეზიდენტი თავისი ვეტოთი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას ასუსტებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

ანა დოლიძის ეს მოწოდება ძირითად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული.

“დაისვა გარკვეული კითხვები, ინსინუაციები, ხომ არ არის დაინტერესებული საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებით. იკითხეს, ხომ არ ვტოვებთ ჩვენ ქვეყანას უსაფრთხოების სისტემის გარეშე, ხომ არ არსებობს გარკვეული კონსპირაცია პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის უსაფრთხოების დასუსტებისათვის. მინდა ყველამ გავითვალისწინოთ, საქართველოს პარლამენტიდან ამ ტიპის განცხადებების გაჟღერების ეფექტი. პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვეტოთი, ჩვენი მოტივირებული შენიშვნებით გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დაექვემდებაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თქვენი ინსინუაციით, ის, რომ სააგენტო შეიძლება დაექვემდებაროს პრემიერ-მინისტრს, არის საშიშროება იმისა, რომ დასუსტეს საქართველოს უსაფრთხოება. თქვენი ინსინუაციით, საქართველოს მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე არის დაინტერესებული ქვეყნის უსაფრთხოების დასუსტებით. მინდა, რომ ერთი წუთით დაუფიქრდეთ ამ განცხადების შინაარსს და მის ეფექტს ჩვენი ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მაინცა და მაინც არ არიან დაინტერესებული საქართველოს უსაფრთხოებაში. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრები ბრალს დებენ ქვეყნის პრეზიდენტს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შესუსტებაში და შერყევაში. თუ თქვენ, იმ პირებმა, ვინც ეს განცხადება გააკეთეთ, ვინც მიუთითეთ, ხომ არ ვასუსტებთ ვეტოთი ქვეყნის უსაფთხოების მექანიზმებს, ხომ არ ვასუსტებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ხომ არ აწარმოებს გარკვეულ ძირგამომთხრელ საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი, მოგიწოდებთ, თუ თქვენ გესმით თქვენი განცხადების შინაარსი და სათანადოდ ეკიდებით პარლამენტის წევრის სიტყვას, გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები და შეიატანეთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე - შპიონაჟზე. სხვა შემთხვევაში კუდიანების დევნა გვახსენებს იმ მომენტებს, იმ ეპიზოდებს, რომლის გახსენება, არც თქვენ გსურთ, არც ჩვენ და არც საქართველოს მოსახლეობას”, - განაცხადა დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ინიციატივებს პარლამენტის წევრებს ანა დოლიძე აცნობს.

გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მეორე წინადადებაა ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.