ხალხმა ხელისუფლებას უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა და ჭინჭრები დასცხოს "ერთ ადგილას", - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრისას განაცხადა.
რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხი გაიხსენა და ამ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. გოცირიძის თქმით, ის რაც მოხდა ეროვნულ ბანკთან დაკავშრებით, ამაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინც კანონპროექტის ცვლილებას შეუწყო ხელი,“ რადგან ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფამ ლარის გაუფასურებას და მოსახლეობის გაღარიბებას შეუწყო ხელი“. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომელიც მან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გააკეთა , გოცირიძის განმარტებით, ხალხმა ეს ხელისუფლება მეორეჯერ არ უნდა აირჩიოს.
,,მას შემდეგ რაც ამ უმრავლესობის პარლამენტმა თავისივე მიღებული კანონი უარყო და ეროვნულ ბანკს დაუბრუნა ზედამხედველობის სამსახური, ბუნებრივია, ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. უნდა აღიარონ, რომ ეს იყო შეცდომა, რომ დაიკარგა დრო, დაიკარგა ფული, რომ გააუფასურეს ლარი, ვინაიდან სწორედ ლარის გაუფასურების პერიოდში მიდიოდა საშინელი შეტევა ეროვნულ ბანკზე. ამით ფაქტობრივად ადამიანების გაღარიბებას შეუწყვეს ხელი. ამიტომ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური. ხალხმა არ უნდა აირჩოს ეს ხელისუფლება მეორეჯერ. არსებობს ასევე მორალური პასუხისმგებლობაც. უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი სირცხვილია. ან კიდევ ხალხი პარლამენტთან უნდა დადგეს და მოუწყონ სირცხვილის კორიდორი. უნდა დაუსტვინოთ, რომ მიხვდნენ, მეორეჯერ არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომა. დღეს „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით, როდესაც მეორეჯერ დაადო პრეზიდენტმა ვეტო და როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე დააბრუნა ეს კანონპროექტი უკან პარლამენტში, ნაცვლად მორალური პასუხისმგებლობისა, ხალხმა ხელისუფლებას უნდა დააკისროს ფიზიკური პასუხისმგებლობა და ჭინჭრებით დაცხონ ერთ ადგილას“ , - განაცხადა რომან გოცირიძემ .
„პრეზიდენტი ხელს მოაწერს ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს, თუმცა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა პარლამენტმა მიიღო ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზიანი“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი აბსოლუტურად იდენტურია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა. გიორგი აბაშიშვილი ითხოვს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში.